მერიაში აცხადებენ, რომ ვარკეთილში ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე საუკეთესო წინადადება „არქი ჯგუფმა“ წარადგინა
მერიაში აცხადებენ, რომ ვარკეთილში ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე საუკეთესო წინადადება „არქი ჯგუფმა“ წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტთან დაკავშირებით, ვარკეთილის მესამე მასივში არსებული 16 მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი კომპანია „არქი ჯგუფს” ერთ ლარად გადასცა.

მისი თქმით, აღნიშნული კომპანია „ქართული ოცნების“ დეპუტატს ეკუთვნის.

„კახა კალაძემ 16 მილიონის ლარის ქონება გადასცა კონკრეტულ კომპანიას. ეს კომპანია გაგიკვირდებათ და, შემთხვევით აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია წულაიას კომპანია – „არქი ჯგუფი“. კალაძემ თავის ძმაკაცს 16 მილიონის ღირებულების მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა და ამ ტერიტორიაზე რამდენიმე დღეში მივიღებთ სამშენებლო პოლიგონს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც ვამბობთ, რომ ეს მიწის ნაკვეთი 16 მილიონი ლარის ღირებულებისაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, მერიას ნაკვეთი საბაზრო ფასად რომ გაეყიდა, არა 100-150 ოჯახის, არამედ სამჯერ მეტის დაკმაყოფილებას შეძლებდა.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე კი აცხადებს, რომ პროექტზე გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა. ყველაზე საუკეთესო წინადადება შერჩეულმა კომპანიამ წარადგინა.

„ვარკეთილის ავარიული შენობების ჩანაცვლების პროექტზე გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა. ერთადერთი კრიტერიუმი გამარჯვებულის გამოსავლენად გარდა საკვალიფიკაციო მოთხოვნისა, იყო გადმოსაცემი ფართის ოდენობა. დადგენილი იყო მინიმალური ოდენობა და პრეტენდენტები ერთმანეთს კონკურენციის ფარგლებში ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ უფრო მეტ ფართს გადასცემდა მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა თავართქილაძემ და აღნიშნა, რომ შერჩევისას მხედველობაში მიღებული იყო კომპანიის გამოცდილებაც.

მისი თქმით, რეალურად დღეს არსებული მდგომარეობით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ექვსი მილიონი ლარია.

„ამ შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანია ჩვენ გადმოგვცემს 7 585 კვ.მ დასრულებულ და აშენებულ ბინას, რომელიც განაწილდება ავარიული ბინების მესაკუთრეებზე“, – განაცხადა თავართქილაძემ.

მან განმარტა, რომ პროექტი ხუთ ეტაპადაა დაყოფილი და ხუთი კორპუსი უნდა აშენდეს.