ლევან ხაბეიშვილი – ყველა გეოპოლიტიკის ანალიტიკოსი გახდა, მთავარია, საქმე არ მოსთხოვონ, დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან „აშხაბადში“ წყდება
საქართველო ჩამოყალიბდა „მოლაილაე“, „მოექსპერტო“, კომფორტის „მოოპოზიციონერო”, „კლავიატურის ლომებად“ და მეორე მხრივ, დისიდენტურ, მებრძოლ აქტივისტებად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, არავინ საუბრობს საწვავისა და პროდუქტების მაღალ ფასებზე, დაბალ ხელფასებზე.
„ვინც რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ ფაქტია, მიშა სააკაშვილი 7-10 დღე თავისუფლებაზე და უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი – უკანასკნელი „ქოციც“ კი დარწმუნებულია ამაში. სანამ „აქოთქოთდებით“, გულში ჩაიხედეთ და ვფიქრობ, თქვენც იცით, რომ ასეა. ასევე, ერთადერთი და უპირობოდ გაუტეხელი, დაუმარცხებელი, პატრიოტთა გუნდი – „ნაციონალური მოძრაობაა“. ამ „შავი ჭირის“ წინააღმდეგ ენმ-ს მეასედი გაიღოს ვინმემ და შემდეგ გაკიცხოს, გააკრიტიკოს ჩვენი პარტია. ჩემი უპირობო მხარდაჭერა, სოლიდარობა და სიყვარული ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს. ამ მძიმე პირობებშიც კი თავგანწირვით, უდრეკად შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ – შეუძლებელია ამის არ დანახვა!
ახლა კი უფრო ინდივიდუალურად დასანახი, შესაფასებელი. ბევრი დაინახავთ თქვენს თავს და ნუ მიწყენთ. ვცდილობ, სიმართლე გითხრათ, სამარტოო საკნიდან. ყველა გახდა საგარეო ექსპერტი, გეოპოლიტიკის ანალიტიკოსი, საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი. მთავარია, საქმე არ მოსთხოვონ, ან მოქმედება და სამაგიეროდ, გაარჩევენ – რა თქვა მერცმა, რა ხდებოდა მაკრონ-ლეპენის შეხვედრაზე, ტრამპმა რა უთხრა კუშნერს და რა ზომის ფეხსაცმელი აცვია რომელიმე ევროპელ მაღალჩინოსანს. აბსოლუტური ლაი-ლაი!დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან „აშხაბადში“ წყდება. პირდაპირ ეთერში მისვლაც აღარაა საჭირო, პირდაპირ Coffee, ხალათზე „კასტუმი“ და მიდი „აჭენავე“, გაარჩიე მადურო, ასადი, პუტინი.
საწვავი რომ 4 ლარი გახდა, ამაზე ბოლოს ეთერში ვინ დაიჩივლა, აღარ მახსოვს.1 996 116 ადამიანს ბანკის ვალი აქვს და ოფიციალურად, კანონის სახელით წეწავენ! 18-22 და ზოგ შემთხვევაში 30%-ში აქვთ ვალი აღებული!!! 375 188 ადამიანი ამ სესხს ვერ იხდის! ოფიციალურად ვერ იხდის და არც ამ თემების გარჩევა მომისმენია! 2 თვეში ორი 17 წლის ბავშვი მოკლეს და ამაზეც გაკვრით თუ ისაუბრებს ვინმე. პროდუქტები თითქოს გაიაფდა, არავინ არჩევს არც ამას! 400-600-800 ლარზე რომ ასიათასობით ადამიანი მუხლჩაუხრელად მუშაობს და საკვებად არ ჰყოფნით – არც ამაზე კარგავენ დროს. ნარკოტიკებით რომ დაწამლეს სრულიად ახალგაზრდობა და სასიკვდილოდ იმეტებენ – ამაზეც და ა.შ. თუ წაიბუტბუტებენ. სათამაშო ბიზნესი მილიარდებს რომ „ახევს“, ყვლეფს გაჭირვებულ, უიმედო, სასოწარკვეთილებაში მყოფ ხალხს – არც ეს გამიგია! სამაგიეროდ: ტრამპმა კუშნერს, მაკრონმა მარტა კოსს და ა.შ. ყველა ექსპერტი და შემფასებელია. და საქმე?! ხალხი?! რას ვაკეთებთ?! როდის?! გაზაფხული-შემოდგომა, რეჟიმი „მორყეულია“, ახლა ვმუშაობთ და?! აიბზუებენ ახლა ცხვირებს და ჩვენ არ გვეხებაო, „ჩაიბურდღუნებენ“, „კაი, ჩემო ძმაო“. სამაგიეროდ, ამბიციები უშველებელი! თვალუწვდენელი! არ გეწყინოთ და დიდი სასაცილო ტიპები ხართ.
რა ხდება „პირიქითა“ საქართველოში?! იგივე! იქაც იმას არჩევენ, დაიქცა გერმანია, საფრანგეთი და რა კოლაფსი ელის აშშ-ს, იქითაც იგივე თემები აქვთ, უბრალოდ „სხვა კუთხით“. იქითაც მთავარია, ქართველ ხალხზე არ ილაპარაკონ, იფიქრონ, იზრუნონ და სამაგიეროდ, დანიის დემოკრატიას იტირებენ. გულწრფელად მეცოდება მებრძოლი ტელევიზიები! უანგაროდ შრომობენ, იბრძვიან და „პოლიტიკის“ მოფიქრებაც ამ ხალხს უწევს. „მოლაპარაკე თავები“ კი არიან ლოდინის რეჟიმში – თავისით მოხდება რამე. მოსწონთ უკრაინის თავგანწირვა, ბრძოლა ქვეყნისთვის, მაგრამ თავად აქ ფარცხალაძე-ივანიშვილს ეგუებიან. თუ შანსი მიეცემათ, ბარამიძეს გაემიჯნებიან და თან კაკაოს „მოხვრეპენ“. საქართველო ჩამოყალიბდა „მოლაილაე“, „მოექსპერტო“, კომფორტის „მოოპოზიციონერო”, „კლავიატურის ლომებად“ და მეორე მხრივ, დისიდენტურ, მებრძოლ აქტივისტებად. ვიდრე ლაი-ლაიდან საქმეზე არ მივდგებით, მანამდე ვიწუწუნებთ ეთერებში. ყველა მინუს ბიძინა! გამბედაობა, საქართველოს გარშემო გაერთიანება და რაც შეგვიძლია იმის კეთება. ეს არის გამოსავალი! შიში უნდა გადაილახოს! ასე თუ იქნება, არც მე მოგიშლით ნერვებს აქედან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.