ლევან ხაბეიშვილი - ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს, მელიას ახალი გუნდის ჩამოყალიბების უნარი თუ შესწევს, მასთან ვითანამშრომლებთ, რომ ჰქონოდა, ალბათ აქამდე იზამდა
ნიკა მელიასთან და ნებისმიერ ადამიანთან მზად ვართ სათანამშრომლოდ, ვისაც ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა და იბრძოლებს. თუ ნიკას აქვს იმის შესაძლებლობა და შესწევს უნარი, რომ, პირობითად, რაიმე ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს, ძალიანაც კარგი, ვითანამშრომლებთ მასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
კითხვაზე, უცდია თუ არა ნიკა მელიასთან ურთიერთობის დალაგება, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ მისი საქმიანობა არაა, ვინმესთან კულუარული შეხვედრები ჰქონდეს.
„მან თავად გადაწყვიტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ხედავს თავის თავს, ამის იძულება არავის გაუკეთებია. ჩვენთვის მიუღებელი ადამიანები არ არსებობენ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე შეფასებით, ნიკა მელიას ახალი გუნდის შექმნის რესურსი რომ ჰქონდა, აქამდე გააკეთებდა.
„კონკრეტული ადამიანები თავად იღებენ თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებას. ვერ ხედავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკუთარ თავს და ფიქრობს, რომ ამ თვეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით უნდა დაკავდეს? ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. ოღონდ, პირობითად, ის თუ ახალ გუნდს გააკეთებს, თუ აქვს ამის რესურსი, რომ ჰქონოდა [რესურსი], ალბათ აქამდე იზამდა“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.