ლევან ხაბეიშვილი - ვარკეთილში ქირით ვცხოვრობ და 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს, უხერხულია, როცა მეუბნებით, მილიარდერი გაფინანსებთო, გეპატიჟებით სახლში, თუ რამე ფულს იპოვით, ერთად გავიყოთ
ლევან ხაბეიშვილი - ვარკეთილში ქირით ვცხოვრობ და 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს, უხერხულია, როცა მეუბნებით, მილიარდერი გაფინანსებთო, გეპატიჟებით სახლში, თუ რამე ფულს იპოვით, ერთად გავიყოთ

მე რეჟიმს ვებრძვი და თუ კონკრეტული ადამიანები წყვეტენ, ლევან ხაბეიშვილთან ბრძოლის ხაზი გაავლონ, ეს მათი საქმეა. გადახედეთ „ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირებს, არანაირი თანამდებობა ლევან ხაბეიშვილს არც ერთ ჯერზე არ ეკავა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, პარტიაში გარკვეული აზრთასხვადასხვაობა არსებობს და სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პრობლემებსაც მოაგვარებს.

„ცხადია, პრობლემაა ის, რაზეც საზოგადოება და მედია საუბრობს, მოსაგვარებელია და პარტია ამას მოაგვარებს. მე რეჟიმს ვებრძვი და თუ კონკრეტული ადამიანები წყვეტენ, ლევან ხაბეიშვილთან ბრძოლის ხაზი გაავლონ, ეს მათი საქმეა. გადახედეთ „ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირებს, არანაირი თანამდებობა ლევან ხაბეიშვილს არც ერთ ჯერზე არ ეკავა. პარტიაში კონკრეტული აზრთასხვადასხვაობები რომ არის, ახლა რომ დავდგე და მოვყვე, ეს ასე არ არის, ტყუილი იქნება. გარკვეული აზრთასხვადასხვაობები არსებობს და ჩვენდა სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უამრავი პრობლემა გაუვლია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პრობლემებსაც გაივლის. რომ გითხრათ, პრობლემას ვერ ვხედავ და არაფერი ხდება, არც ბრმები ვართ და არც ყრუები, ვხედავთ, გვესმის, პრობლემაა და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პრობლემას მოაგვარებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „რამდენს გიხდით კეზერაშვილი?“, – ლევან ხაბეიშვილი პასუხობს, რომ მილიარდერის მხრიდან მის დაფინანსებაზე საუბარი უხერხულია.

„მე დეკლარაციას ვავსებ, ჩემი დეკლარაცია და ანგარიშები გამჭვირვალეა, შეგიძლიათ, გადახედოთ. ლევან ხაბეიშვილს არანაირი უძრავი ქონება არ აქვს, მოძრავი ქონება მაქვს მხოლოდ ერთი, ავტომობილი. ვარკეთილში მესამე ა მიკრო რაიონში ქირით ვცხოვრობ და 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს. როცა მეუბნებით, რომ მილიარდერი გაფინანსებთ, ცოტა უხერხულია. თქვენ გეპატიჟებით ჩემს სახლში, თუ რამე ფულს იპოვით, შემდეგ ერთად გავიყოთ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალურმა მოძრაობაში“ მომხდარ დაპირისპირებას, რასთან დაკავშირებითაც განცხადება პარტიამ გაავრცელა, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ ინციდენტზე წარმოდგენა არ აქვს.

„რაც თქვენ იცით, მეც იგივე ვიცი. თუ არსებობს ორი დაპირისპირებული მხარე, მათ უნდა გააკეთონ დამატებითი განმარტებები“, – დასძინა ლევან ხაბეიშვილმა.