ლევან ხაბეიშვილი - უახლოეს პერიოდში რატი ბრეგაძეს გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუ უნდა, მუქარად მიიღოს
ლევან ხაბეიშვილი - უახლოეს პერიოდში რატი ბრეგაძეს გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუ უნდა, მუქარად მიიღოს

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაჰყავს რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ სასამართლოსთვის შეუძლებელი არ იყოს, ტყვეობაში დატოვოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ აღნიშნულის გამო იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პასუხი მოეთხოვება.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად ყველა საჭირო დოკუმენტაცია არსებობს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სჭირდება რეანიმაციაში გადაყვანა. ამის ნაცვლად, ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს – და ამ ყველაფერს ასრულებს, ცხადია, რატი ბრეგაძე – მიზანმიმართულად არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ შემდეგ სასამართლოსთვის შეუძლებელი არ იყოს, ტყვეობაში დატოვოს სააკაშვილი. ყველა დოკუმენტაცია არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი მესამე ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაჰყავთ მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. მე მინდა, მას ვუთხრა, რომ უახლოეს პერიოდში მას მოეთხოვება პასუხი. თუ უნდა, მუქარად მიიღოს რატი ბრეგაძემ. გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ხაბეიშვილმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებაც გააკეთა განცხადება და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ამ დროისთვის 51 პროცენტზე მეტი რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა არის დაფიქსირებული. მე მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, არანაირი მეორე ტური „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ იქნება, არანაირი დრო არ აქვს დასაკარგი „ნაციონალურ მოძრაობას“.  ჩვენდა სამწუხაროდ, ისედაც ბევრი დავკარგეთ, მათ შორის ნოემბრიდან მოყოლებული, სამი თვის განმავლობაში. კარგი იქნებოდა, უფრო სწრაფად დაგვემთავრებინა ეს პროცესი. მინდა, დარჩენილ 49 პროცენტს მოვუწოდო, სასწრაფოდ მიიღეთ მონაწილეობა და გახდით ცვლილებების თანამონაწილე. ვიცი, რომ გაქვთ უამრავი პრობლემა ხმის მიცემის პროცედურის დროს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ხმის მისაცემად საჭირო ბმულები განთავსებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის ოფიციალურ გვერდებზე. ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ხარვეზების შემთხვევაში, ამომრჩევლებს შეუძლიათ, დარეკონ მისი შტაბის ცხელი ხაზის ნომერზე – 032 2 83 00 55, სადაც საჭირო ინსტრუქციებს მიიღებენ.