ლევან ხაბეიშვილი - თბილისის საკრებულოში დეპუტატების ნაცვლად, მეტაშეები ჰყავთ
ლევან ხაბეიშვილი - თბილისის საკრებულოში დეპუტატების ნაცვლად, მეტაშეები ჰყავთ

თბილისის საკრებულოში დეპუტატების ნაცვლად, ფაქტობრივად მეტაშეები ჰყავთ, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, თბილისის მერი კახა კალაძე რეალობას ვარდისფერი სათვალით უყურებს.

„დედაქალაქის მერი სამი თვე რომ გასული იყო მომსახურების ზონიდან და ფაქტობრივად, „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის სპიკერი იყო, ეს ყველამ ვნახეთ. ვარდისფერი ქუდის რა გითხრათ, მაგრამ ვარდისფერი სათვალეებით ნამდვილად უყურებს რეალობას. ჩვენ ვნახეთ მისი ერთი წლის ანგარიში, სადაც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის. რა კითხვებიც იყო ბიუჯეტთან დაკავშირებით კომისიების სხდომებზეც ყველა დავსვით. ეს საკრებულო არ არის, ეს არის ნოტარიუსთა პალატა, სადაც საბოლოო ჯამში, მაინც იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც უმრავლესობას ჰქონდა. უმრავლესობას რა აზრი ჰქონდა ვნახეთ: გამარჯობა – ტაში, ნახვამდის – ტაში, შუაში კიდევ რამდენჯერმე ტაში. ფაქტობრივად, მეტაშეები ჰყავთ საკრებულოში დეპუტატების ნაცვლად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა „სითი პარკთან“ დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხს არა კომპანიის დასახელებასთან, არამედ ჯარიმებსა და საპარკინგე ადგილებთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა. მისი თქმით, მხოლოდ „სითი პარკის“ გაყვანით პარკინგთან დაკავშირებული პრობლემები ვერ მოგვარდა.

თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ანგარიში წარადგინა,  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.