ლევან ხაბეიშვილი თბილისის გენერალურ გეგმას კახა კალაძის ბიზნესგეგმას უწოდებს
ლევან ხაბეიშვილი თბილისის გენერალურ გეგმას კახა კალაძის ბიზნესგეგმას უწოდებს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ბიზნესგეგმას უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხაბეიშვილმა საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც გენერალური გეგმა განიხილეს.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამბობდა, რომ ეს იყო იდეალური გენერალური გეგმა. ვნახეთ და სკვერებში კორპუსების მშენებლობის ნებართვაა ფაქტობრივად გაცემული. როდესაც ამის შესახებ ვუთხარით, თქვეს, რომ ხარვეზი იყო, რაც გამოსწორდებოდა. საკრებულოს და ურბანული კომისიის თავმჯდომარეებმა ბრძანეს, რომ ისტორიულ ლანდშაფტურ ზონაში მშენებლობა შეიძლება. განხილვის პროცესში მაგალითიც მოიყვანეს, რომ ამ ადგილს ისტორიულ ლანდშაფტური ზონის სტატუსი მივანიჭეთ და მეტი როგორ დავიცვათო. საბოლოოდ, ეს ხალხი ამბობს, რომ კანონი არიან თავად, თუ ვინმე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს, შეუძლია ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონაშიც განახორციელოს მშენებლობა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ამით თბილისში ქაოსური მშენებლობა ვერ შეჩერდება.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გეგმა თავიდან 1200 გვერდიანი იყო, დღეს კი, 33 პროექტია ამოღებული.

„თუ საზოგადოება იტყვის, რომ საკრებულოს ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს სკვერებში კორპუსების მშენებლობას, ჩვენ მხარს დავუჭერთ. არის ლეგიტიმური კითხვები – როგორ შეიძლება ლანდშაფტურ ისტორიულ ზონაში მშენებლობა, როგორ შეიძლება მივიღოთ გენერალური გეგმა და ისევ შეეძლოს მერს დისკრეციულად ფუნქციური ზონის ცვლილება. ეს არ არის გენერალური გეგმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს თბილისმა და თბილისელებმა, ეს არის კახა კალაძის ბიზნესგეგმა, როგორ იშოვოს დამატებითი მილიონები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.