ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილი ნამდვილად იმყოფება საქართველოში, მან დაპირება შეასრულა საკუთარი ჯანმრთელობის, თავის გაწირვის ხარჯზე
ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილი ნამდვილად იმყოფება საქართველოში, მან დაპირება შეასრულა საკუთარი ჯანმრთელობის, თავის გაწირვის ხარჯზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოში იმყოფება. მისივე თქმით, სააკაშვილმა  დაპირება საკუთარი ჯანმრთელობის, თავის გაწირვის ხარჯზე შეასრულა.

„მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფება საქართველოში. მინდა, დავაწყნარო, დავამშვიდო ჩვენი მომხრეები და არა მარტო ჩვენი მომხრეები, სრულიად საქართველო, საზოგადოება, რომ დაპირება, რომელიც ჰქონდა სააკაშვილს, მან საკუთარი ჯანმრთელობის, თავის გაწირვის ხარჯზე შეასრულა. ახლა დარჩენილია ის, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე, პასუხი გავცეთ კრიმინალურ „ოცნებას“, – განაცხადა მიხეილ ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილმა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების“ მომხრეებს, დიახ, მეგობრებო, თქვენ არ უნდა დაარღვიოთ კანონი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ დაწყებულია ხელისუფლების გადაბარების მშვიდობიანი პროცესი. ყველა ჭკვიანი, განათლებული, საზრიანი, საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ის ამ არჩევნებზე არც გამოჩნდება, არც გამოჩენილა და არც არავისთვის დაუჭერია მხარი ღიად. ცხადია, რომ „ოცნება“ დასრულებულია. შესაბამისად ამ ყველაფერს სჭირდება გაფორმება. მოქალაქეებს მოგიწოდებთ, უკანასკნელი სახსრები გაიღეთ, მიბრძანდით არჩევნებზე და მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ „ოცნება“. აგიტატორები, „ქართული ოცნების“ მომხრეები ძალდატანებით რომ ჰყავთ ოფისებში მიყვანილი, დღეს დილიდან ფაქტობრივად დაცლილია „ოცნების“ ოფისები. მათი შტაბის ხელმძღვანელობა პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, ფაქტობრივად უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ. არ ვიცი რამე აქვთ დაშავებული ან არ აქვთ, რა გარანტიებს ითხოვენ. თავს ნუ შეაკლავთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლიდან წლამდე არჩევნები რომ მოდის, ერთ ტომარა ფქვილის ფასად ყიდულობენ თქვენს მხარდაჭერას.

მეგობრებო, არავინ აღარასდროს არ აპირებს თქვენს დაყოფას იმისიანებად და ამისიანებად. არავინ დაგყოფთ პარტიული მიმართულებით. ის კეთილდღეობა, რომელიც მოყვება 2 ოქტომბრის არჩევნებს, „ოცნების“ მარცხს, გადანაწილდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. სააკაშვილი იქნება ჩვენთან ერთად. როგორც კი არჩევნები მორჩება, ჩვენ 3 ოქტომბერს ამას აღვნიშნავთ დედაქალაქში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადებაც, სადაც ამბობს, რომ საზოგადოება დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რადგან გაცნობიერებული აქვს, საითკენ შეიძლება, მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, იყოს საქართველოში თავის ხალხთან ერთად, მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება მის ქვეყანას.

„რუსეთის რეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მინდა, ვუთხრა, რომ პრეზიდენტს, რომელმაც ფაქტობრივად 9 წლის განმავლობაში შექმნა სახელმწიფო, აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება აქვს, იყოს მის ქვეყანაში, მის ხალხთან ერთად, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება მის ქვეყანას. მშვიდობიანად, წყნარად ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე, გავიღოთ უკანასკნელი სახსრები“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.