ლევან ხაბეიშვილი - როგორც რიგითი მოქალაქე და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი, ვიქნები ყველგან, სადაც დასჭირდება საქართველოს ევროპულ მომავალს
ლევან ხაბეიშვილი - როგორც რიგითი მოქალაქე და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი, ვიქნები ყველგან, სადაც დასჭირდება საქართველოს ევროპულ მომავალს

წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც ხელისუფლების დაკარგვის შიშით აკეთებს ივანიშვილის გავეშებული პარტია და ივანიშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„უმძიმესია ის კადრები, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ნახეს, ხარებას, გომელაურის, ივანიშვილის ზონდერები როგორ უსწორდებიან საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან მძიმე კი არა, ეს არის ზღვარგადასული, წარმოუდგენელია, შეუძლებელია, ამას ოკუპანტი რუსი არ უკეთებს ქართველს და ქართველი ქართველს წაქცეულზე 10-15-20 ადამიანი უსწორდება. ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც ჩადიან კონკრეტული ადამიანები.

შეუძლებელია ამათ დაუძახო ქართველები, უყურეთ ამ კადრებს, შეხედეთ, რა ჩადიან ისინი. გავიმეორებ, არაფერი ამაზე მეტი არ გაუკეთებია ოკუპანტსაც და ამაზე მძიმედ არ მოქცევია საქართველოს მოქალაქეს. ცემაში კლავთ ადამიანებს, თან 15-20. როგორ შეგიძლიათ, რის გამო უსწორდებით ამ ხალხს ფიზიკურად? მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მიიღონ რუსული კანონი, რომ უარი თქვან ევროკავშირზე.

მივმართავ თითოეულ, ფაქტობრივად, „ომონის“ წარმომადგენელს, ესენი არ არიან პოლიციელები, სამართალდამცავები, ისინი არიან დამნაშავეები. კოლექტიური ივანიშვილი, გომელაური, ხარაზიშვილი და ყველა, ვინც ასრულებთ ამ უკანონო დავალებებს, ჯერ ოჯახიდან არ გამოდიხართ? შვილები არ გყავთ? ოჯახის წევრები არ გყავთ? ან ამ კადრებს რომ უყურებთ, არ გრცხვენიათ? ან მეგობარი, ან ნათესავი არ გყავთ? უნდა გესმოდეთ, რომ ხელისუფლება დამთავრებულია. ივანიშვილის ხელისუფლება აღარ არსებობს, მეგობრებო. ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ქართველი ხალხის ნებით არჩეული კოალიციური მთავრობა, ამაში ეჭვი არ ეპარება არავის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, არ გაჩერდნენ სახლში და დაიცვან ახალგაზრდები.

„შეწყვიტეთ ადამიანების წამება, ცემა და არაადამიანური მოპყრობა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლებრივ დანაშაულში, დაწყებული ხარაზიშვილით. თქვენ ასრულებთ უკანონო დავალებას, ნუ აკეთებთ მას, თორემ მოგიწევთ პასუხისგება ადამიანების ცემის, წამების, არაადამიანური მოპყრობის გამო. მინდა, ასევე მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, არ გაჩერდეთ სახლში და ყველამ დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები. მეც, როგორც რიგითი მოქალაქე და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი, ვარ ამ აქციაზე და ვიქნები ყველგან, სადაც დასჭირდება საქართველოს ევროპულ მომავალს.

მივმართავ ჯერ კიდევ შს მინისტრს, თქვენ ხელს აფარებთ დანაშაულს, აორგანიზებთ ახალგაზრდების, ადამიანების ცემას ქუჩებში. შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ სისხლის სამართლებრივი პასუხისგება და ასევე საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე, საქართველოს მოქალაქეს არ შეშინებია არასდროს და არც თქვენი შეეშინდება. ძალიან მალე ყველანი ერთად გავიმარჯვებთ ამ ხელისუფლებაზე და გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სწრაფვა. სასწრაფოდ მიეცნენ კონკრეტული ადამიანები პასუხისგებაში, გდდ-ის ყველა თანამშრომელი არის ეჭვმიტანილი არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.