ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის, ხელისუფლება თავისი ხისტი რიტორიკით მას აზრს უკარგავს
ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის, ხელისუფლება თავისი ხისტი რიტორიკით მას აზრს უკარგავს

სამწუხარო რეალობა არის, რომ დღევანდელი მაღალი თანამდებობის პირები საკუთარი კეთილდღეობიდან გამომდინარე საუბრობენ და იღებენ გადაწყვეტილებას, არასახელმწიფოებრივად აზროვნებენ, რადგან დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების დაწყებამდე ვხედავთ ისეთ განცხადებებს, რომელიც მოლაპარაკებას უშლის ხელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის და ხელისუფლება თავისი ხისტი რიტორიკით, საუბრით წითელ და მწვანე ხაზებზე აკეთებს ერთადერთ რამეს, რომ აზრს უკარგავს მოლაპარაკებას“.

„ჩვენი მხრივ ოპოზიცია ვამბობთ, რომ მოლაპარაკებებში ვიქნებით ბოლომდე, ჩვენ მათ შორის მზად ვართ კომპრომისისებისთვის. თუმცა, თუ ისინი ცხადად თვლიან, რომ არ იქნება ვადამდელი არჩევნები, რომ პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავთ, მაშინ გასაგები ხდება, რომ მათი მხრიდან შეთანხმება ფიზიკურად ვერ მოხდება. სანამ, ნიკა მელია არის ტყვეობაში, მოლაპარაკების მაგიდიდან პოლიტიკური ლიდერი არის მოპარული, სანამ კონკრეტული შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან არ იქნება, მანამდე ოპოზიციის მხრიდან, რაიმე კომპრომისებზე საუბარი სწორედ არ მიმაჩნია. ოპოზიციამ კი იცის რაზე შეიძლება იყოს კომპრომისი, თუმცა ამის საჯაროდ საუბარი არ მიმაჩნია სწორედ. ჯერ ხელისუფლება არც კი მოსულა რაიმე შემოთავაზებით. რა კომპრომისზე წავიდეთ მაშინ, როდესაც მთავარ საკითხზე დღესვე საუბრობს ღარიბაშვილი და კობახიძე, რომ თურმე მორიგება არ იქნება. აბა, სათამაშოდ ხომ არ ჩამოვიდა დანიელსონი. დანიელსონმაც, მიშელმაც იციან, რომ კონკრეტული საკითხებია, რომლებზეც უნდა დასხდნენ ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან. ის, რომ მზად არის ოპოზიცია კომპრომისებზე, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ რა ფორმით ამას ჯერ სჭირდება ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ აცხადებს, რომ ის უკრაინაში სერიოზულ პოლიტიკურ საქმიანობას და მოღვაწეობას ეწევა.

„როცა ამბობენ, რომ ის არის კრიმინალი, უკაცრავად, მაგრამ წულუკიანის და მურუსიძის სასამართლოს გარდა ამას არ აღიარებს არავინ და წითელი ცირკულარით ეძებენ სააკაშვილს, ევროპამ აღიარა მისი ბრალი, სადმე ვერ გადაადგილდება, თანამდებობაზე ვერ არის, ამერიკაში ვერ ჩადის თუ რა? ეს ხომ ცხადია, რომ არის მათი ბოდვა პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მხარეს, ის რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ცვილის ფიგურაა კობახიძეც და თალაკვაძეც, ეს კიდევ უფრო ცხადია ჩვენი საზოგადოებისთვის. ამიტომ, კუბილიუსის განცხადება კი არ არის შეურაცხმყოფელი, შეურაცხმყოფელია ის მმართველობის სტილი, რასაც ოლიგარქიული მმართველობა ჰქვია ჩვენს ქვეყანაში, ანუ კუბილიუსს კი არ უნდა ესროლონ ტალახი, მათ იმაზე უნდა იფიქრონ. ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობის და ქვეყანაში ჩამოსვლა ყოველგვარი დევნის გარეშე, არის ორჯერ-ორი. ვფიქრობ, არათუ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამ ქვეყანაში ჩამოსვლის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს, ყოველგვარი პოლიტიკური დევნის გარეშე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.