ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას გადადგომასთან დაკავშირებით პროცესი არ არსებობს, კონკრეტულ განცხადებაში ერთმანეთს რომ არ ვეთანხმებით, რამე პროცესის დაწყებას არ ნიშნავს
ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას გადადგომასთან დაკავშირებით პროცესი არ არსებობს, კონკრეტულ განცხადებაში ერთმანეთს რომ არ ვეთანხმებით, რამე პროცესის დაწყებას არ ნიშნავს

ნიკა მელიას გადადგომასთან დაკავშირებით პროცესი არ არსებობს, კონკრეტულ ერთ განცხადებაში ერთმანეთს რომ არ ვეთანხმებით, იმას არ ნიშნავს, გინდა თუ არა რამე პროცესია დაწყებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხაბეიშვილმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

„ერთი მტერი გვყავს მეც და ჩვენს ხალხსაც, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ნებისმიერი ისრების გადატანა სხვა ადამიანზე არის ძალიან ცუდი. ჩემდა სამწუხაროდ, ეს განცხადება გაკეთდა, ვწუხვარ ამის გამო, თუმცა ადამიანებს, ცხადია, მათ შორის პოლიტიკურ პარტიაში, აქვთ განსხვავებული პოზიციები. რაც შეეხება კეზერაშვილს, საუბარია იმაზე, რომ ეს არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი, რომელი ტელევიზიაც იდევნება. ასევე, ამ ადამიანს ხელისუფლებაში ყოფნის დროს საერთოდ არ ვიცნობდი, წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანზე. მაგრამ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია მისი პოლიტიკური დევნილობის შესახებ. ასევე, ევროპულ რეზოლუციაშიც შავით თეთრზეა საუბარი მის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამიტომ დღეს ვიცი მე ოლიგარქი ივანიშვილი, ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ვინც დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა უკრაინამ და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობას ხელს უშლის სწორედ რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური დაჯგუფება. ნიკა მელიას აქვს მისი პოზიცია, თუმცა არ და ვერ ვიზიარებ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მელია არის არჩეული პარტიის თავმჯდომარე.

„რაც შეეხება ჩემთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს, თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ მე ამ პარტიაში თანამდებობა არ მჭირდება. მაქვს თანამდებობა – ადამიანების დამოკიდებულება. შესაბამისად, ასი პროცენტით შემიძლია, გითხრათ, რამე თანამდებობაზე მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ და არ მნახავთ. მელიას გადადგომასთან დაკავშირებით მსგავსი პროცესი არ არსებობს. ის, რომ კონკრეტულ ერთ განცხადებაში ერთმანეთს არ ვეთანხმებით, იმას არ ნიშნავს, რომ გინდა თუ არა რამე პროცესია დაწყებული“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას, ხაბეიშვილმა განაცხადა: „რა სიგიჟეა, „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას მე არ ვაპირებ არასდროს“.