ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, პარტია არ აპირებს ზაფხულში დასვენებას
ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, პარტია არ აპირებს ზაფხულში დასვენებას

„ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას.

„პოლიტიკურმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ჩვენ ვაპირებთ ყველა ქალაქსა და რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრას, მათ შორის იქნება რეგიონული კონფერენციები, სადაც ასევე დაყენებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს ღონისძიებები, მათ შორის საპროტესტო აქციები. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს, მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს, აპირებს განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას.

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, იმ კონკრეტულმა წარმომადგენლობამ, რომელიც მუშაობს, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ, უზრუნველყოს მაქსიმალურად კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა რუსული რეჟიმისა და ბიძინა ივანიშვილის გამო, კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს.

ასევე იცით, რომ 50-მდე რეგიონული საქალაქო ოფისი გაიხსნა და დამატებით სხვადასხვა ქალაქში, მუნიციპალიტეტში, სოფლების დონეზეც კი, ვეცდებით მაქსიმალურად, რომ ჩამოვაყალიბოთ ლოგისტიკური ცენტრები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შეეძლებათ აქტიურობა. რუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ადამიანის ჩართვა მნიშვნელოვანია და ჩვენ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავდივართ. გვექნება, სულ მცირე, 10 რეგიონული კონფერენცია, შეხვედრები ასობით სოფელში, ქალაქსა თუ რაიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან. პარალელურად გვექნება საპროტესტო აქციებიც, რომლებიც, ცხადია, მიეძღვნება პრეზიდენტ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.