ლევან ხაბეიშვილი - მიუნხენის კონფერენციაზე ზურაბიშვილს საჯაროდ მოსთხოვეს სააკაშვილის გათავისუფლება, მას რაიმე ევროპული ღირებულება თუ აქვს, შეუძლია, სააკაშვილი გაათავისუფლოს
ლევან ხაბეიშვილი - მიუნხენის კონფერენციაზე ზურაბიშვილს საჯაროდ მოსთხოვეს სააკაშვილის გათავისუფლება, მას რაიმე ევროპული ღირებულება თუ აქვს, შეუძლია, სააკაშვილი გაათავისუფლოს

ვნახეთ, მიუნხენის კონფერენციაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საჯაროდ, ღიად როგორ მოსთხოვეს სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომელმაც მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ გუშინდელ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა: „ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და მიიჩნევს, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, შეუძლია, სააკაშვილი გაათავისუფლოს.

„ხედავთ მსოფლიოში დასავლეთის ლიდერებს, მოგისმენიათ იგივე მაკრონის განცხადება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მოგისმენიათ ზელენსკის განცხადება, გინახავთ და წაგიკითხავთ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯონსონის მილოცვა, როცა დაბადების დღეს ულოცავდა. ასევე ნახეთ, მიუნხენის კონფერენციაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საჯაროდ, ღიად როგორ მოსთხოვეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, თუ სალომეს აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და მიიჩნევს, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მას შეუძლია, პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს და აღადგინოს სტატუსკვო. აღადგინოს იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებამ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე არ იზრუნა და მათი მთავარი საფიქრალი იქნება მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ქვეყანაში გაჭირვების დასრულება, იმ უპერსპექტივობის დასრულება, რაც 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა. მას შეეძლო 12 წლის განმავლობაში, რომ ეს პრობლემები მოეგვარებინა, ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე არ გარბოდეს ქვეყნიდან, ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე სოციალურ დახმარებას არ ითხოვდეს და არ გარბოდეს ქვეყნიდან. ამ პრობლემების მოგვარება ივანიშვილს შეეძლო, ეს არ გააკეთა. ახლა გვაქვს შესაძლებლობა და ჩვენი მთავარი საფიქრალი სწორედ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.