ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იციან, 400 ათასამდე პენსიონერს როგორ გაუნულონ სესხი, როგორ უნდა ააშენონ ლაზიკა
ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იციან, 400 ათასამდე პენსიონერს როგორ გაუნულონ სესხი, როგორ უნდა ააშენონ ლაზიკა

მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იციან, ამ ქვეყანაში 400 ათასამდე პენსიონერს როგორ გაუნულოს სესხი, „რუსულ პარტიას“ ეს არ უნდა და ურჩევნია დაჩაგრული პენსიონერი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იციან, როგორ უნდა ააშენონ ლაზიკა და შექმნან 30 მილიარდი ლარის ეკონომიკა ადგილზე, ეს „რუსულ პარტიას“ არ უნდა.

„მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იციან, როგორ უნდა შეძლონ, რომ რიგითი პოლიციელის, ჯარისკაცის, პატრულ-ინსპექტორის ხელფასი გახდეს 3 500 ლარიდან, რა თქმა უნდა, „რუსულ ოცნებას“ ეს არ უნდა და ურჩევნიათ, ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები იყვნენ. მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იციან, როგორ უნდა გახდეს პედაგოგის ხელფასი, მინიმუმ, 2 500 ლარი, მაგრამ „რუსულ პარტიას “ეს არ უნდა და მათ ურჩევნიათ, „ოცნების“ კოორდინატებად ამუშაონ პედაგოგები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა კარგად იციან, როგორ უნდა შექმნან ისეთი ეკონომიკა, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი იწყებოდეს 1 500 ლარიდან. მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იციან, როგორ უნდა შევძლოთ, გავხდეთ სწრაფად ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ „რუსულ პარტიას“, ცხადია, არ უნდა და მათ იციან, როგორ უნდა გახდეს საქართველო რუსეთის გუბერნია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა“ კიდევ ერთი დასკვნა დაწერა პრეზიდენტ სააკაშვილზე, სადაც შავით თეთრზე ამბობენ, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ.

„ამაზე მეტს „ევროპული წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ ვერ დაწერს დოკუმენტში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან, დამცირებასთან. მინდა, მივმართო რუს ოლიგარქს, შეშინებულ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ მაგარია, ძლიერია და ხალხის მხარდაჭერა აქვს, თუ არ გეშინია, თუ მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც სრულიად ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პოლიტიკური პატიმარია და მიეცი შესაძლებლობა, ელაპარაკოს ხალხს. ადრე თუ გვიან მოგიწევს ამის გაკეთება. ქართველი ხალხი 2024 წელს აუცილებლად დააღწევს თავს „რუსულ პარტიას“ და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.