ლევან ხაბეიშვილი - მერიის ინიციატივას სტრუქტურულ ცვლილებებზე მხარს არ დავუჭერთ
ლევან ხაბეიშვილი - მერიის ინიციატივას სტრუქტურულ ცვლილებებზე მხარს არ დავუჭერთ

როცა კახი კალაძეს შეხვედრა შევთავაზეთ, მან ამაზე უარი თქვა, ასევე შევთავაზეთ კამერების გარეშე შეხვედრა, თუმცა ამაზე პასუხი არ მიგვიღია და დედაქალაქის მერი უმცირესობას დღემდე არ შეხვედრია, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მას ბიუჯეტის დამტკიცებამდე მივწერეთ და გავუგზავნეთ დოკუმენტაცია, სადაც დეტალურად იყო განხილული, რას უნდა მოკლებოდა თანხა და რას დამატებოდა, ბიუროკრატიული ხარჯი როგორ შემცირებულიყო. როცა საკრებულოს სხდომაზე კითხვა დავუსვით, არ გვხვდებით, არ გვხვდებით, ჩვენს მიერ მოწერილი დოკუმენტაცია მაინც თუ წაიკითხეთთქო, გვიპასუხა, რომ არ წაუკითხავს. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. როცა ამბობენ, რომ ვინმესთან თანამშრომლობა უნდათ და ამ დროს, ოპოზიციის მიერ გაგზავნილ წერილს მერი არც კი კითხულობს, თანამშრომლობაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, უხერხულია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა საკრებულოს ოპოზიცია ხვალ მერიის ინიციატივის მხარდაჭერას, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მერიის ინიციატივა ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

„რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერთ, რადგან თბილისელების წინაშე დამნაშავე ვიქნები, თუ კანონის სახელით ამ ძარცვას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.