ლევან ხაბეიშვილი - კახი, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე მოვალ და დაგისვამ კითხვებს, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია, თუ ვაჟკაცობა გეყოფა
ლევან ხაბეიშვილი - კახი, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე მოვალ და დაგისვამ კითხვებს, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია, თუ ვაჟკაცობა გეყოფა

კახი, თუ მატყუარა, აფერისტი და კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე მოვალ და დაგისვამ კითხვებს, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია, თუ ვაჟკაცობა გეყოფა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, კალაძის კორუფციული მმართველობის პირობებში თბილისელებს თითქოს საცობები არ ეყოფოდათ, 10 დღიდან, ფაქტობრივად, ერთ დღეს ადამიანი საცობებში ატარებს, ახლა აატალახა დედაქალაქი.

„ვერცერთ პროექტს ვერ ასრულებს იმ ვადაში, რა ვადაშიც ჰპირდებოდა მოსახლეობას და მეტიც, რიგ შემთხვევაში საერთოდ ვერ ასრულებს ამ პროექტებს. წერეთელთან დაკავშირებით ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ტენდერი მოაგებინეს გარდაბნის საკრებულოს წევრის მამას, „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის მამას და მერე ამბობენ, რომ არაფერ შუაშია კორუფცია. შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ცხადია, ყველას გვესმის, რომ ეს არის კორუფციული გარიგება. ახლა, როდესაც გარდაბნის საკრებულოს წევრს გაუწყვიტეს ხელშეკრულება, დამატებით 17 მილიონი ლარის კონტრაქტი გაუფორმეს ბერას ძმაკაცს. კალაძემ ხომ იშოვა ფული, ახლა ბერამ და მისმა საძმაკაცომ უნდა იშოვოს ფული.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო ის პროექტები, რომლებიც კალაძემ დაიწყო და ვერ დაასრულა – ეს არის, მაგალითად, მაღლივი-ბაგების ხიდი, ასევე დიღმის ჭალებში კალაძე თბილისელებს დაჰპირდა წალკოტს, გადაიხადა ასობით ათასი ლარი კლიპებში, სად არის? იქაურობა ნაგავსაყრელად არის ქცეული. ვაკის პარკთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი იცის, კალაძემ გახსნა, იპოზიორა და შემდეგ ბავშვი შეეწირა მის ნამოქმედარს. ყველას გვახსოვს, გვეუბნებოდა, ზედა სამგორიდან ლილომდე ზედა მეტროთი მიხვალთო, კალაძე ასე დაგვპირდა, სად არის, ვინმეს გინახავთ მეტრო? 2018 წელს ჩამოვარდა ვარკეთილში ჭერი, ყველა მთავრობის სხდომაზე მუჭს უბრახუნებს კალაძე, ახლა დავასრულებ ვარკეთილის მეტროსო, 2024 წელია და ვარკეთილის მეტროში ჭერი ჯერ კიდევ არ არის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილმა კახა კალაძე საკრებულოს შემდეგ სხდომაზე დაიბარა.

„კახი, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე, რომელიც უახლოეს რამდენიმე დღეში იქნება, გთავაზობ, თუ მატყუარა, აფერისტი და კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია, თუ მაგარი ბიჭი ხარ, თუ მართალი ხარ, საკრებულოში უმრავლესობა ხომ შენია, გინდა ბერა მოიყოლე, გინდა შენი პიარსამსახურის თანამშრომლები, 5-10 მილიონს რომ ხარჯავ ხალხის ფულს, შენი ძმაკაცი სპორტსმენები, ზონდერები მოიყვანე, მზად ვარ, მოვიდე და დაგისვა კითხვები, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ. გაეცი ხალხს პასუხი, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია, თუ ვაჟკაცობა გეყოფა, საკრებულოს სხდომაზე გესტუმრები და დაგისვამ კითხვებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.