ლევან ხაბეიშვილი - ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება, მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი
ლევან ხაბეიშვილი - ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება, მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირების შემდეგ, ახლა უკვე დეკლარირებულად რუსმა ღარიბაშვილმა საქართველოს სახელით განაცხადა, რომ არ სურს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება. მოღალატე ღარიბაშვილმა ამ მოღალატეობრივი ერთი განცხადებით ჩარეცხა, ფაქტობრივად, ყველა ომში, შინ თუ გარეთ, ავღანეთში, ერაყში დაღუპული ქართველების სისხლი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი.

„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დასაბრუნებლად ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება არის უმნიშვნელოვანესი და ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა კარგად იცის. ამისთვის მოხდა „ვარდების რევოლუცია“ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით. შემდეგ პირველი იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, ვინც ევროკავშირის დროშა აღმართა პარლამენტის წინ და სწორედ ამიტომ 2008 წელს თავს დაესხა საქართველოს მკვლელი პუტინის რეჟიმი, რადგან ამ ღირებულებებს არ ღალატობდა სააკაშვილი და საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ 2008 წელს ჩვენმა ბიჭებმა დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, დედაქალაქი, არ მისცეს ტერორისტ პუტინს და რუსეთს შესაძლებლობა, რომ აეღოთ დედაქალაქი და გამქრალიყო საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვის არ უნდა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება? ეს არის პუტინი, მოსკოვი და, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში მოკალათებული რუსული პარტია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. ამიტომ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი. ცხადია, ეს, პირველ რიგში, ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საკუთარ სათამაშოდ, საკუთარ შპს-დ აქცია ჩვენი ქვეყანა. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაასანქციროთ საქართველო, სახელმწიფო. მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯი იქნება ივანიშვილის და, პარალელურად, მისი ხელის ბიჭების, ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის სანქცირება.

ასევე, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად დავსხდეთ და შევიმუშაოთ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლო სამოქმედო გეგმა. დღეს ვიწრო პარტიული ინტერესები ყველამ უნდა გადადოს გვერდით, დასრულდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავებების ძებნა, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის, ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე ვართ. „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის აბსოლუტურად ყველა მოქმედებისთვის, რომელიც კონსტიტუციით აქვს გარანტირებული ქართველ ხალხს. კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული რუსული მთავრობა ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ და ამისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო ჯგუფებმა, ხალხმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.