ლევან ხაბეიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება
ლევან ხაბეიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება

​თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. ლევან ხაბეიშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონის შესაბამისად მისცემს ჩვენებას.

მისი ადვოკატი ითხოვს, გამოძიება არა ძალადობის მუხლით, არამედ ჯგუფური ძალადობის მუხლით წარიმართოს.

„როცა დამკვეთი არის თვითონ ხელისუფლება და კახა კალაძე, ამ დროს ამ კრიმინალური დაწესებულებიდან, სადაც მინისტრის ოჯახის წევრების გამო მაიაორებს ათავისუფლებენ სამსახურიდან და პოლიციელებს დევნიან, ცხადია, არანაირი იმედი არ მაქვს. მათ დამიბარეს და თქვეს, გამოძიება დავიწყეთ და გამოკითხვაზე უნდა მოხვიდეთო. შესაბამისად, მე, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, მოვედი. ასევე, საზოგადოებას მინდა, ყოველი შემთხვევისთვის ვუთხრა და ხელისუფლებას შევახსენო – ანრი ოხანაშვილს რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანმა, დღეს ის დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაშია. ამ შემთხვევაში, როცა საკრებულოს დეპუტატს რამდენიმე ტურა უკნიდან მოპარვით და ანგარიშსწორებით გამოირჩეოდა ჩემ მიმართ, ისინი დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან და ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.

თუმცა, მე უკვე მოვედი და კანონის შესაბამისად მივცემ ჩვენებას. როცა ხელისუფლება შეიცვლება, ამ ადამიანებს არ ვაპირებ ფიზიკურად გავუსწორდე, რადგან ჩემი პლიუსი არ არის ფიზიკური ანგარიშსწორება და ზოგადად, ყველა ძალადობას ვგმობ, მათ შორის ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორცილებულ ძალადობას. თუმცა, კანონის წინაშე ამ ადამიანებს პასუხისგება მოუწევთ. იმიტომ, კი არა, რომ მე დავიბოღმე და ცოტა ხანი ყვითელი თვალი მაქვს. არა, უბრალოდ, ძალადობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე გუშინ დაპირისპირება მოხდა.

საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.