ლევან ხაბეიშვილი დაკითხვაზე იმყოფება
ლევან ხაბეიშვილი დაკითხვაზე იმყოფება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ საახალწლო განათებების შესაძენად, მილანურ კომპანიასთან გაფორმებულ 3 მილიონიან ხელშეკრულებას.

ხაბეიშვილი გამოძიებას მის ხელთარსებულ ინფორმაციას მიაწვდის, რომლითაც, მისივე შეფასებით, დასტურდება, რომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გაფორმდა და კომპანია სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩა.

„საქმე ეხება ხელშეკრულებას, რომელიც სამჯერ მეტი დაუჯდა თბილისის ბიუჯეტს საახალწლო განათებებზე, ვიდრე ოდესმე. საუბარია ტენდერის გარეშე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, სადაც სავარაუდოდ კორუფციასთან გვაქვს საქმე, რადგან კახა კალაძე გახდა თუ არა მერი, იმ პერიოდშია ხელშეკრულება გაფორმებული“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საკრებულოს წევრის თქმით, მას სრულყოფილი გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით, ლევან ხაბეიშვილმა მთავარ პროკურატურას გასული წლის დეკემბერში მიმართა.