ლევან ხაბეიშვილი - ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე საქართველოში ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება და ადამიანებს ღირსეული შემოსავალი არ ექნებათ
ლევან ხაბეიშვილი - ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე საქართველოში ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება და ადამიანებს ღირსეული შემოსავალი არ ექნებათ

ჩვენი მთავარი ამოცანაა, საპენსიო სესხები იყოს განულებული, ხოლო პენსიონერი თუ შემდეგ აიღებს სესხს, იყოს არა კაბალურ, არამედ ადამიანურ პირობებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „გამარჯვების პლატფორმის“ ორგანიზებით გამართულ საპენსიო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან პენსიონერებისადმი მიმართვისას აღნიშნა, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, მამაკაცების საპენსიო ასაკის დაწევა 60 წლამდე.

„უამრავ თქვენთგანს რომ გაქვთ სესხები, სადაც 1 500 ლარზე გახდევინებენ 4 000 ლარს, 2 000 ლარზე გახდევინებენ 5 000 ლარს კაბალურ პირობებში, ეს არის ძარცვა და ყაჩაღობა. ამას საერთო არაფერი აქვს არც სესხთან, არც იურიდიულ წარმოებასთან. იცით რა, სესხი თუ აიღო, უნდა გადაიხადოს, არ არის ასე. ეს არის ქურდობა ოფიციალური და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქურდობა საქართველოში უნდა დამთავრდეს, 400 000-მდე პენსიონერს, თითოეულ თქვენთგანს უნდა გაუნულდეს ეს, თან დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ამიტომ ვართ აქ შეკრებილები, ამიტომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას. არ დაგვავიწყდეს, ამ სესხებით თქვენ გაყაჩაღებენ, გქურდავენ. ჯერ რა პენსიაა, სასაცილო, აბა, იმ პენსიით იცხოვროს ღარიბაშვილმა, კობახიძემ, თალაკვაძემ, ივანიშვილმა და მერე ამასაც რომ ღლიტავენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს სესხები იყოს განულებული. პენსიონერი თუ შემდეგ აიღებს სესხს, იყოს არა კაბალურ პირობებში, არამედ ადამიანურ პირობებში. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, ევროკავშირის ქვეყნებში არსად არ არის 32%, არსად ბუნებაში ეგეთი რამე არ არსებობს. არის, მაქსიმუმ, 2-4-6% სესხები, მაგრამ აქ, საქართველოში ბიძინა ივანიშვილს აქვს ქურდული საბანკო ოლიგარქია აწყობილი.

მეორე მნიშვნელოვანი რისი თქმაც გვინდა, არის ასაკის დაწევა მამაკაცებში 60 წლამდე. რამე კი არ დაგვესიზმრა საღამოს, საშუალო ევროპელი მამაკაცი ცხოვრობს 82-83-84 წლამდე საშუალოდ, საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 67 წელი, 80-დან 100 000-მდე მამაკაცია საქართველოში, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სასწრაფოდ მოხდეს ასაკის დაწევა, ვიდრე ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო და შემოსავალი, ჩვენ ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და, ცხადია, თითოეული თქვენთგანის იმედი მაქვს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.