ლევან ხაბეიშვილი - ბიუჯეტს, რომელიც მორგებულია ჩინოვნიკების ჯიბის გასქელებაზე, მხარს ვერ დავუჭერთ
ლევან ხაბეიშვილი - ბიუჯეტს, რომელიც მორგებულია ჩინოვნიკების ჯიბის გასქელებაზე, მხარს ვერ დავუჭერთ

ბიუჯეტს, რომელიც მორგებული არ არის თბილისელებზე და მორგებულია ჩინოვნიკების ჯიბის გასქელებაზე, მხარს ვერ დავუჭერთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერისგან ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების დაპირება მიიღეს, რეალურად, მათი ზრდა ხდება.

„მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის შემდეგში, რომ ნაცვლად იმისა, რომ ბიუროკრატიული ხარჯები იყოს შემცირებული და ჩვენ დეკემბერში გვპირდებოდა კახი კალაძე, რომ კორექტირებულ ბიუჯეტში აისახებოდა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, პირიქით, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა მიმართულებით ბიუროკრატიული ხარჯის ზრდას, მათ შორის ახალი აიპებისა და შპს-ების დაფუძნებას, სადაც ფაქტობრივად განუსაზღვრელად შეუძლიათ მათ ანაზღაურების გაცემა საჯარო სამსახურის გვერდის ავლით.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეტრო სადგურების რეაბილიტაციის ბიუჯეტი 5 მლნ ლარით მცირდება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აკლდება ორი მლნ ლარი, შესაბამისად, ბიუჯეტს, რომელიც მორგებული არ არის თბილისის კეთილმოწყობაზე, მორგებული არ არის მეტროს რეაბილიტაციაზე, მორგებული არ არის თბილისელებზე და მორგებულია ჩინოვნიკების ჯიბის გასქელებაზე, მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.