ლევან ხაბეიშვილი - აშშ-მა არალეგიტიმური ხელისუფლების თანამდებობის პირებს დაუწესა სანქციები, რაც ნიშნავს, რომ სავიზოს შემდეგ იქნება ფინანსური სანქციები
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლების თანამდებობის პირებს დაუწესა სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ სავიზო სანქციის შემდეგ იქნება ფინანსური სანქციები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები სანქციებს ვერ გაექცევიან.
„ეს არაღიარებულ თანამდებობის პირებს შეეხება. ყველამ ვნახეთ, რომ აშშ-მა გააუქმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც იმისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუცილებლად სანქცირებული იქნება. ამ სანქციებს ვერ გაექცევიან ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, კობახიძე, ღარიბაშვილი და ძალოვანი უწყების ის წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.