ლევან ხაბეიშვილი - არცერთი ნაბიჯი უკან, ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი, 13 წელი ჩვენს კისერზე გადაიარა ყველაფერმა, ზოგი ორი დღეა, რაც ოპოზიციაშია და ტალახი გვესროლონ, ასე არ გამოვა
პოლიტსაბჭოზე გადაწყვეტილება მივიღეთ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება შემდეგს – არცერთი ნაბიჯი უკან არავისთან. ვინმეს თუ ერთიანობა სურს, ჩვენ მზად ვართ. ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი და, შესაბამისად, ყველა დისკუსიისთვის მზად ვართ, სადაც რეალური ერთიანობა იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” უკვე წლებია, ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას” ესხმიან თავს.
„ჩვენი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაა – არცერთი ნაბიჯი უკან და, მათ შორის, ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე წლებია, ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას” ესხმიან თავს, ამიტომ ყველამ პირი გამოირეცხოს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაზე” ისაუბრებენ. ჩვენი მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან. დარწმუნებული ვარ, რომ გაზაფხულზე დაიწყება აქციების მეორე ფაზა, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში, განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც ძალიან მძიმე ბრძოლები გველოდება. როგორც აღვნიშნე, პოლიტსაბჭოზე გადაწყვეტილება მივიღეთ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება შემდეგს – არცერთი ნაბიჯი უკან არავისთან! ვინმეს თუ ერთიანობა სურს, ჩვენ მზად ვართ, არც პარტიის ლოგოზე არ გვაქვს გართულება, არც სახელზე, არც ნომერზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი და, შესაბამისად, ყველა დისკუსიისთვის მზად ვართ, სადაც რეალური ერთიანობა იქნება და არა ის, რომ ჩვენ იქით ყველას ვეფეროთ, 13 წელი ჩვენს კისერზე გადაიარა ყველაფერმა, ზოგი ორი დღეა, რაც ოპოზიციაში და მათ იქიდან ტალახი გვესროლონ, ასე არ გამოვა. 13 წელი ჩვენს თავზე წისქვილის ქვა დატრიალდა, თქვენ ახლა ორი დღეა, ოპოზიციაში ხართ და მოდი, ერთიანი ვიყოთ და მათ ქვა და ტალახი გვესროლონ, არ გამოვა ასე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ამ განცხადებაში გიორგი გახარიას გულისხმობს.
„არაა დასამალი, რომ გახარიას ვგულისხმობ; დღე-ნახევარია ოპოზიციაშია და პარლამენტიდან არ გამოდიან, წადით და ჰკითხეთ, რატომ არ ტოვებენ პარლამენტს, თუ არალეგიტიმურია. ფინანსებზე ბუტბუტებენ, მაგათ რომ ფული მოიპარეს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ისეთი უნდა. რაღაცა ქნას, ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძვას შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს. რაღაც მოქმედებას არ აკეთებს. მაშინ საზოგადოებამ მარტივად უნდა განასხვაოს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის ბიძინას კარის ოპოზიციონერი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.