ლევან კარანაძე -  ველოდებით, რომ ჩვენს ბაზარზე ეტაპობრივად დაბრუნდებიან ავიაკომპანიები, რომლებიც 2019 წელს საქართველოს მიმართულებით ფრენას ახორციელებდნენ
ლევან კარანაძე - ველოდებით, რომ ჩვენს ბაზარზე ეტაპობრივად დაბრუნდებიან ავიაკომპანიები, რომლებიც 2019 წელს საქართველოს მიმართულებით ფრენას ახორციელებდნენ

საჰაერო სივრცის შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმმძღვანელმა ლევან კარანაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ექნება ჩატარებული, შესაძლებლობა აქვს, ქვეყანაში ყველანაირი შეზღუდვის გარეშე შემოვიდეს.

მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში უცხო ქვეყნიდან შემოსულმა მგზავრებმა „პისიარ“ ტესტის შედეგი უნდა წარადგინონ.

„დღეიდან მოიხსნა საჰაერო სივრცის შეზღუდვები, რეგულარულ  ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით. ავიაკომპანიებს საშუალება ეძლევათ, აღადგინონ ფრენები და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა. შეიცვალა ქვეყანაში შემოსვლის წესები, შემსუბუქდა შეზღუდვები, კერძოდ, ვაქცინის მქონე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს საშუალება ექნება, ქვეყანაში შემოვიდეს ყველანაირი შეზღუდვის გარეშე. გაფართოვდა იმ ქვეყნების ჯგუფი, რომელთა მოქალაქეებს შეეძლებათ, შემოვიდნენ „პისიარ“ ტესტის საფუძველზე და მესამე დღეს განმეორებითი ტესტი ჩაიტარონ. ეს ქვეყნებია: აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ნორვეგია, შვეიცარია, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, კატარი, ისრაელი და გაერთიანებული საემიროები.

პირველი ფრენები უკვე განახორციელეს „ფლაი დუბაიმ“, „ეარ არაბიამ“, დღეს შესრულდა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების მიერ კიევი-თბილისის რეისი. ველოდებით, რომ ფრთხილად, მაგრამ ეტაპობრივად დაბრუნდება ჩვენს ბაზარზე ის ავიაკომპანიები, რომლებიც 2019 წელს ჩვენთან ახორციელებდნენ ფრენას.

რეგულარულ რეისებს დაიწყებს „სკაიაპი“. განაცხადი გვაქვს ბელავიასგან, სიხშირეებს ზრდიან პეგასუსი და თურქული ავიახაზები. პროცედურულად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოდის განაცხადი ავიაკომპანიებისგან, სააგენტო იხილავს განაცხადს და შემდეგ უკმაყოფილებს მათ მიერ მოთხოვნილ სიხშირეებს. ცხადია, სიხშირეები, ფრენების აღდგენა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგულაციებზე, არამედ ქვეყნებში დაწესებულ შეზღუდვებსა და ასევე მგზავრთა ნაკადის რაოდენობაზე“, – განაცხადა ლევან კარანაძემ.