ლევან კალანდაძე - როცა ლარის კურსის მიმართ მოლოდინებს ვერ ვმართავთ, ეს ნიშნავს, რომ ხარვეზიანი პოლიტიკა გვაქვს
ლევან კალანდაძე - როცა ლარის კურსის მიმართ მოლოდინებს ვერ ვმართავთ, ეს ნიშნავს, რომ ხარვეზიანი პოლიტიკა გვაქვს

როდესაც ვამბობთ, რომ ლარის კურსის ფორმირებაში მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი მოლოდინებია, ამ მოლოდინებს მართვა სჭირდება, თუ ვერ ვმართავთ, ეს ნიშნავს, რომ ხარვეზიანი პოლიტიკა გვაქვს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანამა, ლევან კალანდაძემ დღეს გადაცემაში განაცხადა.

„ბიზნესპარტნიორი“ დღევანდელი გადაცემით მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა.

სეზონის შემაჯამებელ გადაცემაში ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც გადაცემის სამთვიანი სადებიუტო სეზონის განმავლობაში გამოიკვეთა. შემაჯამებელ დისკუსიაში გადაცემის ოთხივე თანაწამყვანი მონაწილეობდა – ლევან კალანდაძე, სოსო გალუმაშვილი, მიხეილ ჭკუასელი, გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიისას ბიზნესის უპირველეს პრობლემად ეროვნული ვალუტის რყევები დასახელდა, რომელიც წლის დასაწყისიდან უკვე 19 პროცენტით გაუფასურდა. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის ბოლოს ერთი აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 2.44 ლარს შეადგენდა. დღევანდელი მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი უკვე 2.93 ლარზე ავიდა.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილის ინფორმაციით, დღეს ბიზნესი მთავარ გამოწვევად ერთხმად ლარის კურსს ასახელებს.

„აბსოლუტურად ყველა ბიზნესი დღეს ნომერ პირველ პრობლემად ლარს ასახელებს. აღარ არის საუბარი რეგულაციების გავლენაზე, ბიზნესგარემოს გაუარესებაზე, სახელმწიფოს გაჭიანურებულ გადაწყვეტილებებზე. ორი-სამი თვის წინ ეს კიდევ აქტუალური იყო, დღეს სრულიად ბიზნესი მხოლოდ ლარის კურსზე საუბრობს“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, მოცემულ მომენტში ბიზნესი მთავრობისგან და პირველ რიგში ეროვნული ბანკისგან უფრო საქმიან და კონკრეტულ კომუნიკაციას ელოდება.

„მესმის, ეროვნულ ბანკს თავისი მარეგულირებელი კანონი და ჩარჩოები აქვს, საიდანაც არ უნდა გავიდეს. თუმცა, როცა ვამბობთ, რომ ლარის კურსის ფორმირებაში მთავარი და გადამწყვეტი არის მოლოდინები, ამ მოლოდინებს მართვა სჭირდება. როცა ვერ ვმართავთ მოლოდინებს, მაშინ მას სხვა მართავს და ეს ნიშნავს, რომ წუნდებული და ხარვეზიანი პოლიტიკა გვაქვს“, – განმარტა ლევან კალანდაძემ.

კომპანია „გურიელის“ გენერალურმა, დირექტორმა და გადაცემის თანაწამყვანმა, მიხეილ ჭკუასელმა აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ სწორი მოლოდინები შესაქმნელად მნიშვნელოვანია, მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და დარგის ექსპერტებმა დამაიმედებელი განცხადებები გააკეთონ. გარდა ამისა, უნდა გატარდეს კომპლექსური ღონისძიებები, როგორც მაკროეკონომიკური, ისე ზოგადად, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.

„ექსპერტებმაც, მთავრობამაც და ეროვნულმა ბანკმაც ცოტა უფრო დამაიმედებელი განცხადებები უნდა გააკეთონ. კომუნიკაციის პრობლემა და მყისიერი რეაგირება ერთ-ერთი მთავარი პრობლემებია. ვამბობთ, რომ კურსი გაუფასურდა და ამაში დიდი როლი მოლოდინებს მიუძღვის. სწორედ ასეთი მოლოდინების გამო არსებობს ბერკეტები, რომელთაც ამის შეჩერება შეუძლია, რათა კურსმა უარყოფითი ეფექტები არ გამოიწვიოს, როგორიცაა ფასების მატება. ასეთ შემთხვევაში, ბიზნესს დაგეგმვა გაუჭირდება და აქედან მთელი რიგი პროცესები განვითარდება, რომელსაც მთლიანად ეკონომიკაში შეუძლია პრობლემების გამოწვევა“, – განაცხადა ჭკუასელმა.

გადაცემის კიდევ ერთი წამყვანი და ილიაუნის ბიზნესადმინისტრირების დოქტორი გიორგი აბაშიშვილი ფიქრობს, რომ შეუძლებელია, ლარის კურსის არსებული ვარდნა მხოლოდ ეროვნული ბანკის პოლიტიკის მიზეზით ხდებოდეს. აბაშიშვილმა საკითხის კომპლექსური განხილვის საჭიროებაზე მიუთითა.

„როგორც არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ლარის კურსი ფასებზე გავლენას არ ახდენს, არაფერი გამოვა. მინდა, სიტუაციას კომპლექსურად შევხედოთ ყველა მხრიდან. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერაფერს იზამს. მართალია, მას მოქმედების გარკვეული მანდატი აქვს და მისგან პროაქტიური ქმედება გვჭირდება, მაგრამ ჯამში სიტუაციას კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ეროვნული ბანკი ვერ გამოიწვევდა იმას, რაც ახლა ხდება. უნდა ვთქვათ, რამ გამოიწვია და მერე უნდა ვთქვათ, როგორ გამოსწორდეს ეს მდგომარეობა. არასწორი გადამისამართება არ გვჭირდება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი, „ბიზნესპარტიონის“ თანაწამყვანი სოსო გალუმაშვილი კი ხაზი უსვამს, რომ ლარის კურსის თითქმის 20 პროცენტით გაუფასურება, მხოლოდ საგარეო შოკებს ვერ დაბრალდება.

„მინდა, ბიზნესის მხრიდან შევაფასო. როცა ლარის კურსი მყისიერად უფასურდება და მყარდება, ეს შეიძლება, საგარეო შოკებს დავაბრალოთ, მაგრამ როცა უკვე 20 პროცენტიანი სხვაობაა, არ შეიძლება, მუდმივად გარე შოკების დამსახურება იყოს. არის გარკვეული პრობლემები, რასაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება“, – განმარტა სოსო გალუმაშვილმა.