ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესება მცირე მეწარმეებზე დადებითად აისახება
ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესება მცირე მეწარმეებზე დადებითად აისახება

პირველი არხის ანალიტიკოსი ლევან კალანდაძე მცირე მეწარმეებისთვის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება მცირე მეწარმეებზე დადებითად აისახება.

ამასთან, ანალიტიკოსისთვის გაუგებარია, აიწევს თუ არა დღგ-ის ზღვარი და გათავისუფლდებიან თუ არა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეები.

„მე ვუშვებ, რომ დღგ-ის ზღვარი ისევ 100 000 ლარზე იქნება შენარჩუნებული, ანუ 100 000 ლარზე ზემოთ, მიუხედავად მცირე ბიზნესის სტატუსისა, მცირე მეწარმეებს მაინც მოუწევთ დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ეს მოდელი უფრო სრულფასოვანი და  შედეგზე ორიენტირებული იყოს, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს არა მხოლოდ მცირე ბიზნესის სტატუსის 500 000 ლარამდე აწევაზე, არამედ მცირე ბიზნესისთვის დღგ-ს გადამხდელის სტატუსის 100 000 ლარიდან, 500 000 ლარამდე აწევაზე. ლოგიკურად, იგივე შეღავათებით უნდა ისარგებლონ 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მცირე მეწარმეებმა, რომლითაც 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოები სარგებლობენ“, – განუცხადა „მოამბეს“ პირველი არხის ანალიტიკოსმა ლევან კალანდაძემ.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, რომელზეც დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი შემცირდება და 5%-დან 1%-მდე დაიწევს. გარდა ამისა, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოც მცირე ბიზნესის კატეგორიაში გავა.