ლევან კალანდაძე - მაღალი ტურისტული შემოდინებები იყო დაგეგმილი, ცნობილმა მოვლენებმა კი, დღის წესრიგი აბსოლუტურად შეცვალა
ლევან კალანდაძე - მაღალი ტურისტული შემოდინებები იყო დაგეგმილი, ცნობილმა მოვლენებმა კი, დღის წესრიგი აბსოლუტურად შეცვალა

ტურიზმის მიმართულებით გარკვეული პოზიტიური ჯამური მონაცემები ფიქსირდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კლებაა რუსეთის მიმართულებიდან, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესს აბსოლუტურად სხვა მოლოდინები ჰქონდა და რიგ შემთხვევაში მავნებლური რიტორიკის პირობებისა და ფორმატის გათვალისწინებით, მოლოდინის ვერ შესრულების გამო, ბევრმა ბიზნესმა იზარალა.

„ერთია, რომ ჩვენ გარკვეული პოზიტიური ჯამური მონაცემები ტურიზმის მიმართულებით გვიფიქსირდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სწორედ რუსეთის მიმართულებით. აბსოლუტურად სხვა მოლოდინები გვქონდა, ბიზნესს აბსოლუტურად სხვა მოლოდინები ჰქონდა და გარკვეული კონტრპროდუქტიული რიტორიკის, არასწორი რიტორიკის, რიგ შემთხვევაში, მავნებლური რიტორიკის პირობებისა და ფორმატის გათვალისწინებით, ძალიან ბევრმა ბიზნესმა სწორედ ამ მოლოდინის ვერ შესრულების გამო მნიშვნელოვნად იზარალა. გარკვეული პრობლემებია აჭარის, ასევე კახეთის მიმართულებებით და დღეს ეს არ არის მხოლოდ ტურისტული კომპანიები, ეს არის ზოგადად, ტურისტული ინდუსტრია, რომელიც თავის თავში აერთიანებს სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, გადამზიდველ კომპანიებსა და ასე შემდეგ. ადამიანებს აქვთ სესხი აღებული იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მაღალი ტურისტული შემოდინებები იყო დაგეგმილი და ცნობილმა მოვლენებმა აბსოლუტურად შეცვალა დღის წესრიგი“, – აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე აღნიშნავს, რომ ტურისტული მაჩვენებლები თითქოს დადებითია, მაგრამ მისივე შეფასებით, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მაინც სერიოზული პრობლემებია.

„ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და რაც მთავარია, როცა მოლოდინზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მოლოდინი არ არის რამე კონკრეტულ პერიოდში დაფიქსირებული ეკონომიკური ტენდენცია. მოლოდინი განგრძობადია და ამ თვალსაზრისით, ნეგატიური მოლოდინები შემდგომი თვეების განმავლობაშიც გვაქვს”, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, მდგომარეობამ, რომელმაც ტურიზმში სურათი შეცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების წინაშე დააყენა ბიზნესი.

„ვფიქრობ, გარკვეული ძალისხმევა, გარკვეული აქტივობა, მათ შორის კოორდინირებული მუშაობა  სამთავრობო სტრუქტურებსა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ გარკვეულწილად დავაკომპენსიროთ დანაკარგები, რაც არასწორი რიტორიკის, არასწორი ვორდინგის შედეგად, ტურიზმთან დაკავშირებული პროცესების გაუარესებამ და ტურისტული შემოსავლების მნიშვნელოვანმა კლებამ გამოიწვია. შემოსავლები არ არის ის, რაც მოსალოდნელი და დაგეგმილი იყო; მეორე – კონკრეტული მიმართულებები, ტურისტული ნაკადები, რომელიც ძირითადად აჭარაზე და კახეთზე იყო ორიენტირებული, მათ შორის ეს არის რუსული მიმართულება ტურიზმის, ამ თვალსაზრისით სერიოზულმა კლებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები ტურიზმის ინდუსტრიის“,- განაცხადა ლევან კალანდაძემ.