ლევან კალანდაძე - ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების დღეს არსებულ პროექტთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს
ლევან კალანდაძე - ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების დღეს არსებულ პროექტთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს

ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების დღეს არსებულ პროექტთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ დღეს გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.

გადაცემაში აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორებთან, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებები განიხილეს. ამ პროექტმა კერძო სექტორის ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკოსების მხრიდან გამოითქვა აზრი, რომ სადაო ცვლილებები არა მხოლოდ დამსაქმებლებს, არამედ დასაქმებულებსაც დააზარალებს.

კალანდაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესს აღნიშნული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით სერიოზული შიში აქვს, რადგან ბევრ საკვანძო საკითხზე პასუხი არ არის. 

„გასათვალისწინებელია, რომ პროექტის ის ფორმა, რაც დღეს ამ წინადადებებს აქვს, ბიზნესის ძალიან სერიოზულ შიშებს და გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პრაქტიკულად ყველა ბიზნეს ორგანიზაციასთან და საკმაოდ სერიოზული შიშებია. ჩვენ ამ ინიციატივას არ უნდა შევხედოთ, როგორც მხოლოდ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ამას ძალიან კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ეს არის მთელი კანონმდებლობის ცვლილება, მათ შორის შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ავსებს იმ ინიციატივებს, რაც შესაძლოა, შრომის კოდექსში იყოს შეტანილი. ვადასტურებ, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატს დღეს არსებულ პროექტთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს, რადგან ჩვენ გვაქვს ე.წ. კეთილშობილური მიზნები და არ ვიცით, ეს მიზნები რა გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, ბიუჯეტზე, მაგალითად მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე. ხდება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება და არ ხდება მათი თანმდევი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ბიზნესმა არ იცის, ამ კონკრეტულ ინიციატივებს რა შედეგი შეიძლება მოყვეს“, – განმარტა კალანდაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი დაჟინებით მოითხოვს რეგულაციების ზეგავლენის ეფექტის ანალიზს და სამმხრივი დიალოგის დაწყებას, რათა არ მოხდეს გამოუსწორებელი შეცდომების დაშვება.

„მგონი, ამ თემებთან დაკავშირებით, ღია და საჯარო სამმხრივი აქტიური დიალოგი უნდა დაიწყოს, რა თქმა უნდა, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართვით, მაგრამ ბიზნესის ჩართულობაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ.