ლევან კალანდაძე - ბანკები დაინტერესებული უნდა იყვნენ, მომხმარებლებს კრიზისის პერიოდში დაეხმარონ, რათა ფინანსური ვალდებულება შეასრულონ
ლევან კალანდაძე - ბანკები დაინტერესებული უნდა იყვნენ, მომხმარებლებს კრიზისის პერიოდში დაეხმარონ, რათა ფინანსური ვალდებულება შეასრულონ

ლოგიკურად, ბანკები დაინტერესებული უნდა იყვნენ, მომხმარებლებს კრიზისის პერიოდში დაეხმარონ, რათა მათ საკუთარი ფინანსური ვალდებულება შეასრულონ, – ამის შესახებ პირველი არხის ანალიტიკოსმა, ლევან კალანდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვალის გადახდის თვალსაზრისით, ბანკის კლიენტისთვის პრობლემის შექმნა მხოლოდ კლიენტის პრობლემა არ არის. გრძელვადიან პერსპექტივაში, ბანკის თითოეული კლიენტი, რომელიც სესხის გადახდას ვეღარ ახერხებს და ამის გამო ქონება ეყიდება, როგორც პოტენციური კლიენტი, მომავალში ბანკისთვის დაკარგულია. ამავდროულად, მაკრო ჭრილში, ეს ქვეყნისთვისაც სერიოზული პრობლემაა“, – განაცხადა კალანდაძემ.

როგორც პირველი არხის ანალიტიკოსმა აღნიშნა, ბუნებრივია, ბანკებს საკუთარი, კარგი გაგებით, მერკანტილური კორპორატიული ინტერესი აქვთ და სურთ, თანხა მაქსიმალურად ამოიღონ, მაგრამ რეალურად, ეს სურვილი კლიენტზე ორიენტირებული სახელშეკრულებო პოლიტიკით უნდა განხორციელდეს. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბანკები პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციას აკეთებენ, პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაცია ქვეყანაში ძალიან სერიოზულ პრობლემად რჩება.

„არსებული რეგულაცია და ბანკების მიერ პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის პრაქტიკა სრულიად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პრობლემის სიმძიმე შემცირდეს და სიტუაცია შეიცვალოს. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ საჭირო ხდება, სხვა ტიპის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, რათა კლიენტის საჭიროებაზე მორგების პოლიტიკა უფრო ეფექტიანი გახდეს“, – განაცხადა კალანდაძემ.

ლევან კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად, სახელმწიფოში პოლიტიკის ფორმირებას ყოველთვის ხელისუფლება ახდენს. ამ შემთხვევაში, რეგულატორი ეროვნული ბანკია, რომელმაც მართალია, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს, რათა ბანკის კლიენტის ინტერესზე, კონკრეტულ შემთხვევებზე უფრო მეტად მორგებული პოლიტიკა ჩამოაყალიბოს.