ლევან კალანდაძე - აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ აგორებული კამპანია იყო პოლიტიკურ-ეკონომიკური, მიზანმიმართული შავი პიარი
ლევან კალანდაძე - აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ აგორებული კამპანია იყო პოლიტიკურ-ეკონომიკური, მიზანმიმართული შავი პიარი

აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ აგორებული კამპანია იყო მიზანმიმართული შავი პიარი, რომელიც ამ კომპანიების რეპუტაციის შერყევას ისახავდა მიზნად, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განცხადა.

კალანდაძის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქვეყანაში მოქმედი აზერბაიჯანული კაპიტალით შექმნილი კომპანიები არიან ქართული კომპანიები და საქართველოს ეკონომიკის ნაწილი.

„მნიშვნელოვანია, არ შეგვეშალოს – ეს არ არის აზერბაიჯანული კომპანიები, ესენი არიან ქართული კომპანიები, ქართული სამართლისა და კანონმდებლობის მიხედვით დარეგისტრირებული კომპანიები. ესენი არიან კომპანიები, რომლებიც მართალია უცხოური კაპიტალით, მაგრამ საქართველოში ასაქმებენ ადამიანებს, უხდიან ხელფასს, ურიცხავენ საპენსიო ანარიცხებს, ქმნიან ინფრასტრუქტურას. ამას სჭირდება ძალიან დიდი ყურადღება და მოფრთხილება. ასეთი რიტორიკა და არასწორი გზავნილები მნიშვნელოვნად აზიანებს ბიზნესს და ქმნის გარკვეულ რისკს, მათ შორის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დაძაბვის რისკსაც“, – განაცხადა კალანდაძემ.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე მიიჩნევს, რომ მსგავსი პროვოკაცია აზიანებს ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და მხოლოდ იმ ადამიანებს აწყობთ, ვისაც საქართველოს ეკონომიკური წინსვლა არ სურთ.