ლევან კაკუბავა: „ჩიხურას“ გასვლას არავინ ელოდა (ვიდეო)

13:00, 20.07.2018

“ქართული გუნდების ისტორიაში საუკეთესო გოლი” – ასე მონათლეს გულშემატკივრებმა ლევან კაკუბავას ეფექტური გასროლა “ბეითარის” კარში, რომელმაც გასვლაზე ზემოიმერული გუნდის 
მოგებას დაუდო სათავე.

კაკუბავას გოლამდე ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას „ჩიხურა“ ანგარიშით 0:1 აგებდა. 27 წლის ნახევარმცველმა 73-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო გიორგი გაბედავამ, 84-ე წუთზე გატანილი გოლით, საჩხერლები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

პირველ არხთან ლევან კაკუბავამ კომენტარი განვლილ თამაშსა და გოლზე გააკეთა. საინტერესოა, რომ ლევანი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა და 2 წუთში პირველივე შეხებით გაიტანა.

“პირველი თამაშიდან და ანგარიშიდან გამომდინარე, ურთულეს შეხვედრას ველოდით და ასეც მოხდა. მატჩი ჩვენი კარნახით დაიწყო და მომენტებიც გავცვალეთ – ეს იყო ფსიქოლოგიურად გარდამტეხი მომენტი, გუნდმა ირწმუნა, რომ “ბეითართან” მოგება შეიძლებოდა, ბიჭები უფრო თამამ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ჩვენი წარმატება ამან განაპირობა. ნაადრევად გაშვებულმა გოლმა უფრო გამოგვაფხიზლა და შეტევები გავამწვავეთ” – ამბობს კაკუბავა.

“ჩიხურას” საყრდენმა ნახევარმცველმა გატანილ გოლზეც ილაპარაკა: “5 მცველში მარტო გიორგი გაბედავა იდგა და გამიზნული პასის გაკეთება რთული იქნებოდაა. ერთი შეხედვით, დარტყმასაც არ ჰქონდა აზრი და ალბათ, ავანტიურისტული ჩანაფიქრი იყო – გადავწყვიტე მთელი ძალით დამერტყა და მადლობა ღმერთს, გამომივიდა. თუმცა, ტყუილი იქნება რომ ვთქვა, მეკარის მოძრაობა დავინახე და ამაზე დავიჭირე-მეთქი. ისე, ჩვენი ყველაზე ნაკლებად ეიმედებოდათ, მაგრამ ასეხ არ ყოფილა. კიდევ წინაა ყველაფერი”.

 

მსგავსი