ლევან იზორიამ სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფციის დეტალები განმარტა
ლევან იზორიამ სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფციის დეტალები განმარტა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფციის დეტალები განმარტა.

როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელის რეზერვის განახლებული სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

მინისტრის თქმით, იქმნება ორი სარეზერვო სამსახური, ერთი ეს არის, აქტიური რეზერვის სახით წარმოდგენილი, ხოლო მეორე სამობილიზაციო სამსახური.

“აქტიური რეზერვი ძირითადად დაკომპლექტდება იმ სამხედრო მოსამსახურეებისგან, რომლებმაც ამოწურეს კონტრაქტით სამხედრო სამსახური შეიარაღებულ ძალებში. აქტიური რეზერვის წყარო ასევე იქნება სხვა დაწესებულებების, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უსაფრთხოების ე.წ. გასამხედროებული სტრუქტურის მოსამსახურეები, რომლებმაც ამოწურეს თავიანთი საქმიანობა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მათ ნებაყოფლობის საფუძველზე და ანაზღაურების პირობებში შევთავაზოთ ხუთწლიანი კონტრაქტი. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო მნიშვნელოვანი ასპექტები – პროცესის განგრძობადობა. ვინც ამოწურავს კონტრაქტით სამსახურს, ან ვინც გავა პენსიაზე, შესაძლებლობა ექნება, აქტიური რეზერვის სახით გააგრძელოს ქვეყნისთვის სამსახური. მიიღოს ამისთვის ანაზღაურება, წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვე, თუმცა იმ პერიოდში, როდესც გამოიძახებენ და ეს იქნება წელიწადში 45 დღე, მიიღებს სარგოს 100%-ს. ამ დაფინანსებით მას დიდი მოტივაცია ექნება, თან შეეძლება, რომ პარალელურად განახორციელოს სხვა საქმიანობაც. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ვინც აკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნებს, ეს იქნება დამატებითი მოტივაცია, კვლავ ემსახუროს თავის ქვეყანას და ამისთვის მიიღოს გასამრჯელო”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

რაც შეეხება აქტიურ რეზერვს, მინისტრის განმარტებით, აქტიური რეზერვი არის სამი ტიპის, შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი.

მისივე თქმით, ტერიტორიული რეზერვის შექმნის მიზანი ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ოპტიმალურად განხორციელებაა.

“ტერიტორიული რეზერვი ძირითადად დაკომპლექტდება ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქით და აქაც იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც მათ უნდა დააკმაყოფილონ. სპეციალისტთა რეზერვში საუბარია ცალკეული სპეციფიური ამოცანების შესრულებაზე, რისთვისაც საჭიროა კონკრეტული კვალიფიკაცია, მაგალითად, კომპიუტერის სპეციალისტი თუ სხვა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ აღარ საქმიანობს შეიარაღებულ ძალებში, ექნება შესაძლებლობა, გააგრძელოს საქმიანობა უკვე რეზერვის სახით”, – განაცხადა იზორიამ. 

რაც შეეხება სამობილიზაციო სამსახურს, მინისტრის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ პოტენციურად ყველა მოქალაქე ვალდებულია იყოს სამობილიზაციო რეზერვის წარმომადგენელი, თუმცა განსაზღვრული იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც შეირჩევა მოქალაქეები.

“მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ და ამაზე მუშაობას უკვე დღეიდან დავიწყებთ, მართვის ერთიან სისტემას, კერძოდ ელექტრონულ სისტემაზე საუბარი, რათა მოხდეს ამ პოტენციური რეზერვისტების აღრიცხვა, ასევე იმ პროცესის მართვა რასაც ჰქვია მათი გაწვევა, გამოძახება, ტრანსპორტირება, მომზადება. აქამდე ეს სისტემა არ არსებობდა, შესაბამისად, ჩვენ გამოვყოფთ თანხებს აღნიშნული სისტემის საპროგრამო უზრუნველყოფისთვის, რომელიც 2020 წელს დასრულდება, რაც მოგვცემს საფუძველს, მოვახდინოთ პოტენციური რეზერვისტების სისტემატიზაცია და კატეგორიზაცია. ასევე ეს სისტემა მოგვცემს იმის საფუძველს, რომ ვიცოდეთ საჭიროება და ასევე ადგილმდებარეობა, სადაც მოხდება ამ რესურსის გამოყენება”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, სამობილიზაციო რეზერვის გამოყენება მოხდება საომარი მოქმედებების დროს და სამობილიზაციო რეზერვში მოქალაქეების გაწვევაზე უფლებამოსილება პრეზიდენტს ექნება.

“რაც შეეხება საგანგებო სიტუაციას და მდგომარეობას, რეზერვში მოქალაქეთა გაწვევის უფლება ექნება მთავრობას, ხოლო რეზერვისტთა მომზადების დონის შეფასებისთვის, ან მათი მომზადების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რაც შესაბამის წვრთნებსა და წელიწადში 45 დღიან მომზადებას ითვალისწინებს გადაწყვეტილებას მიიღებს თავდაცვის მინისტრი. მოკლედ რომ შევაჯამო, ჩვენი ინიციატივის მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ ამოქმედების შემთხვევაში გვექნება აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ აქტიური რეზერვის ფარგლებში იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი ყველა მოქალაქის ვალდებულება იქნება, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

“ჩვენ დღეიდან დავიწყებთ მართვის სისტემის შემუშავებას. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ქვეყანაში განვახორციელოთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტია საზოგადოების ფართო ჩართულობა ქვეყნის თავდაცვის საქმეში. ამ მიმართულებით გადავდგით პირველი ნაბიჯები, როდესაც წვევამდელთა სისტემა აღვადგინეთ და იქ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ მეორე ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით ახალი რეზერვის და სამობილიზაციო სისტემის შექმნა იქნებოდა. დღეს უკვე ეს პირობაც შევასრულეთ. მინდა ვთქვა, რომ მარტო არ ვმოქმედებდით, ჩვენ მთელი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ასევე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ინტენსიურად ვმუშაობდით კომიტეტთან. გვქონდა ასევე ქვეყნის მთავარსარდალთან შეხვედრა. დოკუმენტი საერთო კონსენსუსის საფუძველზე მივიღეთ, რომელიც ახლო მომავალში პარლამენტში განიხილება”, – განაცხადა ლევან იზორიამ.