ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურე ბაჩუკი ირემაძე ახალგაზრდა ქალის გადარჩენისთვის დაასაჩუქრა
ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურე ბაჩუკი ირემაძეს ახალგაზრდა ქალის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად „ზიგ ზაუერ“-ის ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რიგით ბაჩუკი ირემაძეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირადად შეხვდა და სამაგალითო ქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.
შემთხვევა 5 ნოემბერს, საღამოს, დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, IV მექანიზებული ბრიგადის რიგითი ბაჩუკი ირემაძე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ინციდენტის თვითმხილველი გახდა. მაშველების მისვლამდე ბაჩუკი ირემაძე მტკვრის კალაპოტში ჯებირიდან გადახტა და ახალგაზრდა ქალბატონი ნაპირზე ამოიყვანა.