ლევან იზორიამ ამერიკელი გენერალი უწყებრივი მედლით დააჯილდოვა
ლევან იზორიამ ამერიკელი გენერალი უწყებრივი მედლით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს, გენერალ-მაიორ ტომას კარდენს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხებზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემაზე, ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტის – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მიმდინარეობისა და მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

დასასრულს ლევან იზორიამ ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის ძალების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.

გენერალ-მაიორი ტომას კარდენი საქართველოში მრავალეროვნულ სწავლებასთან – Agile Spirit 2019 დაკავშირებით იმყოფება.