ლევან იზორია - ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვით, თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს
ლევან იზორია - ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვით, თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს

ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვით, თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს, – ამ სიტყვებით მიულოცა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დამოუკიდებლობის დღე ქართველ სამხედროებს.

იზორიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ქართული სიტყვა – თავისუფალი – უნიკალურია მსოფლიოში. ქართველმა ამ სიტყვაში საკუთარი იდენტობის ორი საწყისი, თავის, ანუ ინდივიდისა და უფლის, ღვთაებრივი საწყისი გააერთიანა. ეს ქრისტიანული იდენტობაა, რომელშიც ადამიანი, ინდივიდი ღმერთმა თავის მსგავსად, თავის ხატად შექმნა და მისი ღირსება ხელშეუხებელ, ღვთაებრივ განზომილებაში აიყვანა“,- განაცხადა იზორიამ.

მინისტრის განცხადებით, ქართველისათვის თავისუფლების დაცვა ისტორიულად ღირსების დაცვას ნიშნავს.

„თავისუფლების დაცვა, დღეს როგორც არასდროს, თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროს საერთო ძალისხმევას საჭიროებს. ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი იდენტობის, თავისუფლებისა და ღირსების დაცვაა“, – განაცხადა ლევან იზორიამ და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყნის სწრაფვა თავისუფლებისკენ ურყევია.

ლევან იზორიამ სანიმუშო პარტნიორობისთვის ნატო-ს წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომელიც თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად ყოველდღიურად გვაძლიერებენ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.