ლევან იზორია - თუ „ქართულ ოცნებას“ არ ეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს უნდა დავინახოთ როგორც სიძლიერის ნიშანი 
ლევან იზორია - თუ „ქართულ ოცნებას“ არ ეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს უნდა დავინახოთ როგორც სიძლიერის ნიშანი 

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, პოზიცია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საპრეზიდენტო კანდიდატი, გამოითქვა მხოლოდ ინსტიტუტების გაძლიერებიდან გამომდინარე და არა იმის გამო, თითქოს გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს.

როგორც იზორიამ განაცხადა, გუნდის ინტერესი დემოკრატიის და ინსტიტუტების გაძლიერებაა.

„ამ საჭიროებიდან ითქვა ის, რომ შესაძლოა, გუნდის მიღმა იყოს პიროვნება, რომელიც, სწორედ ამ ინსტიტუტის მიუკერძოებლობის ხარისხიდან გამომდინარე, უზრუნველყოფდა ამ პრინციპებს. ასე რომ, ესეც უნდა დავინახოთ, როგორც სიძლიერის ნიშანი და არა სისუსტის ნიშანი.

სიძლიერე, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტისგან, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, სადაც მისი აპოლიტიკურობიდან გამომდინარე შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს, მათ შორის ისეთ კანდიდატს, რომელიც არ არის გუნდის წევრი. გუნდის ინტერესია დემოკრატიის და ინსტიტუტების გაძლიერება“,- განაცხადა ლევან იზორიამ.