ლევან იზორია - საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სანდო და ერთგული პარტნიორი
ლევან იზორია - საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სანდო და ერთგული პარტნიორი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საერთო ღირებულებების დასაცავად და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის საერთაშორისო სწავლებები, რომლებიც ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისი განცხადებით, 2015 წლიდან, აშშ და საქართველო, ყოველწლიურად, ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან მრავალეროვნულ სწავლებას ახორციელებენ, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე 17 სწავლებათაგან ერთ-ერთია.

„სწავლებათა ციკლი შავი ზღვის რეგიონის შვიდი ქვეყნის ტერიტორიაზე იმართება და მათში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 40,000 -მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველმა სამხედროებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა გერმანიასა და უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლება DYNAMIC FRONT, COMBINED RESOLVE და SEA BREEZE – ში, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში დაგეგმილ 4 საერთაშორისო სწავლებაში: PLATINUM LION ; PLATINUM EAGLE; RAPID TRIDENT; SABER JUNCTION”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას.

​ნატო მკაფიოდ აღიარებს იმ ხელშესახებ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცებისა და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციით. ამის ნათელი დადასტურებაა ბრიუსელის ივლისის სამიტის ფარგლებში მიღებული ნატო-საქართველოს ერთობლივი დეკლარაციისა და ივლისის სამიტის დეკლარაციაში ასახული საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა. ამასვე მოწმობს, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე, პრემიერ მინისტრის პირველივე საერთაშორისო ვიზიტისას ბრიუსელში ნატოს მხრიდან გაჟღერებული გზავნილები, რომ დღეს საქართველო წარმოადგენს  ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად, სამაგალითო, დასაყრდენ პარტნიორს, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება, 15 აგვისტოს დასრულდება.