ლევან იზორია - სამხედრო მოსამსახურეები ჩვენი იდენტობის საფუძველს, საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას იცავენ
ლევან იზორია - სამხედრო მოსამსახურეები ჩვენი იდენტობის საფუძველს, საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას იცავენ

სამხედრო მოსამსახურეები ჩვენი იდენტობის საფუძველს, საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას იცავენ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

იზორიას განცხადებით, სწორედ მოქალაქეების დაცულობასა და მათი ღირსების დაცვას ემსახურება საქართველოს მისწრაფება, გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. განსაკუთრებით მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის საფუძველს, საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას იცავენ, რითაც იცავენ თითოეულის ღირსებასა და თავისუფლებას. სწორედ ცალკეული მოქალაქეების დაცულობასა და მათი ღირსების დაცვას ემსახურება ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. საქართველოს თავდაცვის ძალებს ამ გზაზე ერთ-ერთი მოწინავე როლი უჭირავს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამბიციური რეფორმებით ამ ამოცანებს წარმატებით შევასრულებთ“, – განაცხადა იზორიამ.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცს საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები დადებენ. თბილისის გარდა (288 რეკრუტი), ფიცის დადება ხუთ ლოკაციაზე მოხდება (175 რეკრუტი და წვევამდელი). ზუგდიდში – დადიანების სასახლეში, რაჭაში – მრავალძალის მონასტერში, ქართლში – კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში – ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში – გრემის მონასტერში (ჯამში 463 რეკრუტი და წვევამდელი).