ლევან იზორია - „რუსთავი 2“-ის ფაქტობრივი მმართველი პირდაპირ საუბრობს დასავლეთის ე.წ. კოლონიალისტურ პოლიტიკაზე, შესაბამისად, დეზინფორმაციული კამპანია აღარ არის გასაკვირი
ლევან იზორია - „რუსთავი 2“-ის ფაქტობრივი მმართველი პირდაპირ საუბრობს დასავლეთის ე.წ. კოლონიალისტურ პოლიტიკაზე, შესაბამისად, დეზინფორმაციული კამპანია აღარ არის გასაკვირი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაცია, თითქოსდა ამერიკელი კურსანტი გოგონას შევიწროების შესახებ, არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ჩრდილს აყენებს საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან სტრატეგიულ პარტნიორებთან.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის ფაქტობრივი მმართველი პირდაპირ საუბრობს ე.წ. დასავლეთის კოლონიალისტურ პოლიტიკასა და მიდგომებზე, მათ შორის საქართველოს მიმართ და შესაბამისად, ეს დეზინფორმაციული კამპანია აღარ არის გასაკვირი.

„ამ დეზინფორმაციის ფარგლებში, „რუსთავი 2“-მა ისაუბრა, თითქოსდა იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე გოგონას მიმართ, რაც კატეგორიულად უარყოფილია არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ აშშ-ის საელჩოს მიერ, იქნა კატეგორიულად უარყოფილი. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რაც იწვევს მართლაც დიდ აღშფოთებას.

მივიჩნევ, რომ დეზინფორმაციის კამპანია მიმართულია ზოგადად საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით თავდაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხის შემცირებისკენ. თუმცა, ამას ცდილობენ უშედეგოდ, უსუსურად, ტყუილებით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე. მქონდა სულ ახლახანს პარლამენტში შესაძლებლობა, მემხილა აღნიშნული ტელევიზია მსგავს დეზინფორმაციებში, როდესაც საუბარი იყო თითქოსდა ჯარი რჩება ხორცის გარეშე, თითქოს ჯარი არ არის შესაბამისი უნიფორმით ჩაცმული და ა.შ.

მინდა აღვნიშნო, რომ ტელეკომპანიის ფაქტობრივი მმართველი საუბრობს დასავლეთის ე.წ. კოლონიალისტურ პოლიტიკასა და მიდგომებზე, მათ შორის საქართველოს მიმართ. შესაბამისად, ეს დეზინფორმაციული კამპანია მართლაც არ წარმოადგენს გაკვირვების საგანს. პირადად, ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად, რომლის უმრავლესობის მისწრაფება არის სწორედ დასავლეთში ინტეგრაცია, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ, ყველაფერს გავაკეთებთ ფაქტებით, სიმართლით და ჭეშმარიტებით“,- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.