ლევან იზორია - როდესაც ვამბობ, რომ ყველა ჩვენი რეფორმა არის ნატო-ს პოლიტიკასთან თანხვედრაში, ვგულისხმობ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს
ლევან იზორია - როდესაც ვამბობ, რომ ყველა ჩვენი რეფორმა არის ნატო-ს პოლიტიკასთან თანხვედრაში, ვგულისხმობ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს

როდესაც ვსაუბრობ თავდაცვის სფეროს რეფორმების თანხვედრაზე ნატო-ს პოლიტიკასთან, ვგულისხმობთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებას – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დეპუტატ რომან კაკულიას, რომელმაც მინისტრს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ ისაუბრა რუსეთზე მისი ვრცელი გამოსვლის დროს.

დეპუტატების შეკითხვებზე პასუხები ლევან იზორიამ სწორედ ამ კითხვაზე პასუხით დაიწყო.

„ჩემი გამოსვლის დროს ხაზგასმით ვთქვი, რომ ნატო-ს მთავარი პოლიტიკა არის შეკავების, თავდაცვის პოლიტიკა და ნატო სხვა არაფერზე არ არის მიმართული ამ პოლიტიკის ფარგლებში თუ არა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. შესაბამისად, როდესაც ვამბობ, რომ ყველა ჩვენი რეფორმა არის ნატო-ს პოლიტიკასთან თანხვედრაში, ვგულისხმობ რა თქმა უნდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და ყველაფერი, რაც კეთდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, პირველ რიგში გულისხმობს ამ საფრთხეების შეკავებას და თავდაცვას“, – განცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში მოხსენებით გამოდის.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მიმართა კითხვით, ვრცელი გამოსვლის დროს რატომ არ ისაუბრა რუსეთზე. როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ამ თემაზე.