ლევან იზორია - ქართველი ერის სუვერენული არჩევანია, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი, ეს პროცესი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული
ლევან იზორია - ქართველი ერის სუვერენული არჩევანია, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი, ეს პროცესი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ქართველი ერის სუვერენული არჩევანია, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

იზორია გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ „საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება“.

„ასეთი შინაარსის განცხადება არაერთხელ მოვისმინეთ რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირებისგან. დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მისწრაფებები არის ჩვენი ხალხის არჩევანი და მიმართულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ. მიმართულია თითოეული ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. ეს არის თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში თითოეული ერის სუვერენული არჩევანი, მათ შორის ჩვენი ერის სუვერენული არჩევანი, ვიყოთ ღირსეული წევრი ცივილიზებული სამყაროსი და ეს პროცესი თავისთავად არის შეუქცევადი და, რა თქმა უნდა, არავის წინააღმდეგ მიმართული“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება.