ლევან იზორია - მთელი რიგი მიმართულებებით დავამტკიცეთ, რომ სანდო, მყარი და მტკიცე პარტნიორი ვართ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე
ლევან იზორია - მთელი რიგი მიმართულებებით დავამტკიცეთ, რომ სანდო, მყარი და მტკიცე პარტნიორი ვართ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ თავდაცვის სფეროში ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოება ყველა მიმართულებით განხორციელდა და კვლავაც გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა. ამის შესახებ ლევან იზორიამ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ნატო-ს სტანდარტები ყველა მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ არის განხორციელებული და გრძელდება განხორციელება. პირველ რიგში გამოვყოფდი იმას, რომ ოპტიმიზაციის შედეგად, ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებისკენ, რითაც 67%-დან 53%-მდე დავიყვანეთ თავდაცვის ბიუჯეტში პერსონალის ხარჯები, ხოლო ნატო-ს სტანდარტი არის 55%“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიას განცხადებით, ნატო-ს სტანდარტებით, თავდაცვის ბიუჯეტის 20% შეიარაღებისკენ უნდა იყოს მიმართული.

„ჩვენ სულ რაღაც ერთ წელიწადში 7%-დან ავიყვანეთ 20.9%-მდე ეს მაჩვენებელი და სწორედ ამ ფინანსური შესაძლებლობით შევისყიდეთ ყველაზე ქმედითი ანტისატანკო სისტემა ჯაველინების სახით. წლის ფაქტია ეს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავაგრძელოთ სწორედ ეს პოლიტიკა ეფექტიანი შეკავების პოლიტიკისთვის. ჩვენ ასევე ამ ერთი წლის განმავლობაში ჩავატარეთ პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნული წვრთნები, რომელიც თავისი მასშტაბით იყო უპრეცედენტო და ამით შევქმენით მნიშვნელოვანი საფუძველი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და ამ ტენდენციას მომავალში გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, მეორე მრავალეროვნულ წვრთნებში, რომელიც აგვისტოში დაიწყება, ახალი, საზღვაო კომპონენტი გაჩნდება.

„ასევე, რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია ნატო-ს დინამიკასთან, გახლავთ ის, რომ ჩვენ წელს თავდაცვაში გამოვაცხადეთ ლოგისტიკის წელი, რითაც გვინდა სწორედ იმ დინამიკას გავცეთ ადეკვატურად პასუხი, რომელიც ითვალისწინებს როგორც ნატო-ს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის მაქსიმალურ საბრძოლო მხარდაჭერის და უზრუნველყოფის ელემენტების მოქნილობას. ჩვენ სწორედ ამ ინფრასტრუქტურას ვქმნით. ჩვენ ერთ-ერთი საერთაშორისო სწავლების ფარგლებში უზრუნველვყავით ფოთიდან რკინიგზის საშუალებით სამხედრო ტექნიკის პირდაპირი ტრანსპორტირება. ლოგისტიკა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ნატო წელს გააჟღერებს ​​ლოგისტიკის სარდლობის შექმნის ინიციატივას, როგორც ახალ სტრუქტურას თავისი მოდერნიზების პოლიტიკის ფარგლებში. ასე რომ, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ჩვენ მთელი რიგი მიმართულებებით დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო, მყარი და მტკიცე პარტნიორი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ლევან იზორიამ.