ლევან იზორია - ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც ერთმანეთში აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი
ლევან იზორია - ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც ერთმანეთში აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი

ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც ერთმანეთში აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

„თქვენ ხედავთ, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში დეზინფორმაციის წყება წამოვიდა განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან და განსაკუთრებით, „რუსთავი ორის“ ორგანიზებით. სწორედ ამ პოლიტიკაში და დეზინფორმაციულ კამპანიაში ის, რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოსდა ბოლტონი ჩამოვიდა, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება. პირიქით და რეალურად სიტუაცია გახლდათ ისეთი, რომ ბოლტონმა იმავე დღეს, ასევე მატისის წერილმა კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში გავრცელებული რეფორმების მიმართ და განსაკუთრებით თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმა მოხდა, რომ ანტისატანკო ჯაველინების სისტემის საქართველოსთვის გადაცემა არის მნიშვნელოვანი მოვლენა. მე პირად საუბარში მოვისმინე ბატონი მატისისგან, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნდობა და აღიარება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს, რათა ამ სისტემების უსაფრთხოება იყოს დაცული.

„სწორედ ამ ნდობისა და აღიარების ფარგლებში, ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ტიპის ტაქტიკური შეიარაღების შეძენას აშშ-იდან. ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთში, იმის მაგივრად, რომ ყველა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ გვქონდეს ადეკვატური რეაქცია. სამწუხაროდ პირიქით, ზოგიერთი ამას ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იქნას აღქმული. შეიარაღებული ძალებისთვის ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია, რათა მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბება, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მიმართ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, ყოველ წელს საქართველოს აქვს უპრეცენდენტოდ კარგი დინამიკა.

„ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან წელს უფრო წინ არის წასული, ვიდრე შარშან. შარშან ითქვა, რომ ეს არის ურთიერთობა, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა. პირველად ამერიკის შეერთებულ შტატების არმიის ასეული გაივლის წვრთნას, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მომავალ წლებში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ამ თემაზე დღეს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, „სრულიად გაურკვეველი და უცნობი საიტის, ReportBlogs-ის წარმომავლობა არის საეჭვო და მასზე განთავსებული მასალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელებში აზიარებს, წარმოადგენს ე.წ. ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს“.

საკითხს გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს საელჩოც, სადაც აცხადებენ, რომ „ინფორმაცია, თითქოს ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი“.