ლევან იზორია - ჯეიმს მეტისი გამოიყენებს ნატო-ს მინისტერიალს, რათა საქართველოს ბოლო წლების რეფორმები და წარმატებები გაცხადდეს [ვიდეო]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მეტისს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ლევან იზორიამ განაცხადა, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი შეხვედრა შედგა.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ხაზი გაგვესვა, რომ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და საქართველო არის რეგიონში სამაგალითო. ბატონმა მეტისმა ბრძანა, რომ გამოიყენებს ფორმატს ამ მინისტერიალზე, რათა ის რეფორმები და წარმატებები, რაც ბოლო წლებში გვაქვს, საჯაროდ იქნას გაცხადებული, როგორც მაგალითი არამხოლოდ ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისთვის, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვისაც“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი მამართა თავდაცვის ბიუჯეტში და 20 პროცენტი ძირითადი შეაიარაღების შესყიდვისკენ.

„გვაქვს პროგრესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით. ეს გამოიხატება ამბიციური პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ერთად ვახორციელებთ და ეს არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა რეგიონში საერთაშორისო მრავალეროვნული სწავლებების განხორციელების თვალსაზრისით. ყოველწლიურად იზრდება მონაწილე ქვეყნებისა და ტექნიკის რაოდენობა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.