ლევან იზორია - მოვისმინე შეფასებები, თითქოს ტყვია-წამალი შავ ბაზარზე იყიდებოდა და სახელმწიფოს საფრთხეს უქმნიდა, ამ ეტაპზე ეს საფრთხე გამოირიცხება
ლევან იზორია - მოვისმინე შეფასებები, თითქოს ტყვია-წამალი შავ ბაზარზე იყიდებოდა და სახელმწიფოს საფრთხეს უქმნიდა, ამ ეტაპზე ეს საფრთხე გამოირიცხება

მოვისმინე სხვადასხვა ექსპერტის შეფასებები, თითქოს ტყვია-წამალი იყიდებოდა შავ ბაზარზე და სახელმწიფოს უსაფრთხოებას ამით საფრთხე დაემუქრა, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასეთი საფრთხე გამოირიცხება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საბრძოლო ვაზნების უკანონო რეალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

„არასწორად მიეწოდა საზოგადოებას ინფორმაცია, თითქოს საუბარია საბრძოლო მასალებზე. აქ საუბარია მხოლოდ ტყვია-წამალზე. კონტროლის მექანიზმი მართლაც რომ უპრეცედენტოდ კარგია და სწორედ ამის დამსახურებაა, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო სამხედრო პოლიციას ეფექტური მუშაობისთვის. სწორედ ჩვენი ძალისხმევით გახდა ამ დანაშაულის გამოვლენა შესაძლებელი. კერძოდ, იანვრის თვეში ჩვენ ჩავატარეთ ინვენტარიზაცია, რაც ნიშნავს ფაქტობრივი ტყვია-წამლის რაოდენობის შედარებას დოკუმენტურად აღრიცხულ ტყვია-წამლის რაოდენობასთან, აქ დარღვევა არ გამოვლენილა.

ხოლო შემდგომში მიღებული ოპერატიული მუშაობის შედეგად განვახორციელეთ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები – საუბარია ამა წლის 9 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლის პერიოდზე. სწორედ ამ პერიოდში მოხდა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავეთა გამოვლენა. მოვისმინე სხვადასხვა ექსპერტის შეფასებები, თითქოს ეს იყიდებოდა შავ ბაზარზე, თითქოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას დაემუქრა ამით საფრთხე. ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასეთი საფრთხე გამოირიცხება. პიროვნება, რომელსაც ეს ტყვია-წამალი გაჰქონდა დანაშაულებრივი გზით, ჰქონდა მონადირის იარაღები და ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს „მ-4“ ტიპის ვაზნები ადეკვატურია იმ სანადირო იარაღების, რომელიც მას გააჩნდა, ასევე იმ პიროვნებას, ვისაც ეს ტყვია-წამალი გადასცა. ამ ეტაპზე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი ოპერატიული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ჩავატარეთ რა ჩხრეკა, ამოვიღეთ 6 750 ერთეული  ტყვია-წამალი“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიას განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ სურვილი, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტი არ გასაჯაროებულიყო, თუმცა როდესაც დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებებს საფრთხე არ ექმნებოდა, გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღეს.

„რაც შეეხება გაშუქებას, ასეთი დანაშაულის გამოძიება, მით უფრო, როდესაც არსებობს კითხვები სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ითხოვს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვებას. საგამოძიებო ორგანოებს სურდათ, ეს ჯერ არ გასაჯაროებულიყო. ეს სურვილი გავითვალისწინეთ. როდესაც კვირის დასაწყისში გამოიკვეთა, რომ არ არსებობდა სხვა მტკიცებულება, რომელიც ამ ეტაპზე თვალსაჩინოს ხდიდა სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეებს, მივიღეთ გადაწყვეტილება მისი გასაჯაროების, რამდენადაც ის საფრთხეს არ უქმნიდა საგამოძიებო მოქმედებებს. ორ-სამ კვირაში სასამართლოზე არსებითი განხილვები დაიწყება. ჩვენ ვიმოქმედეთ სწორედ ყველა ეტაპზე საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მაქსიმალურად მიგვეღო ობიექტური ინფორმაცია და მაქსიმალურად აგვეცილებინა საფრთხე სახელმწიფოსთვის. ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი იკვეთება, იკვეთება უფრო ის, ეს იყო მათი პირადი ინტერესისთვის კერძით თავიანთი სამონადირეო საქმიანობის განსახორციელებლად, თუმცა გამოძიება გრძელდება და თუ გარემოებები დანაშაულებრივი გამოიკვეთა, მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა იზორიამ.

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სამხედრო პოლიციამ 4 ოქტომბერს სამი პირი დააკავა.