ლევან იზორია - გვსურს, გავაფართოვოთ აშშ-საქართველოს საბრძოლო მომზადების ცენტრი
ლევან იზორია - გვსურს, გავაფართოვოთ აშშ-საქართველოს საბრძოლო მომზადების ცენტრი

გვსურს, გავაფართოვოთ აშშ-საქართველოს მიერ ერთობლივად დაფინანსებული საბრძოლო მომზადების ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიუნხენში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საბრძოლო მომზადების ცენტრი ნატო-ს სტანდარტებიდან გამომდინარე, რეგიონში უპრეცედენტოა.

„გვსურს, მოიცვას კრწანისი, ვაზიანი, ნორიო და ალგეთი. განვითარდეს იმ მიღწევების საფუძველზე, რაც გვაქვს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. გვსურს, ეს არ იყოს მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერება, არამედ კონცეპტუალური სიახლე, სადაც საკუთარი საბრძოლო მომზადების შეფასებისთვის ნატო-ს ცალკეული ქვეყნები გაივლიან მომზადებას. ჩვენ ამ თემაზე აქტიურად ვსაუბრობთ არამარტო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ ნატო-ს სხვა წევრებთანაც.

ვგეგმავთ ამ მიმართულებით გააქტიურებას. ეს არის ახალი კონცეპტუალური მიდგომა ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში ითვალისწინებს მუდმივი და როტაციული პრინციპის შერწყმის საფუძველზე ნატო-ს წევრი ქვეყნების აქტიურობას. ამ დინამიკის პარალელურად ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივებს, რომლებიც არის პოზიტიურად აღქმული და გაგებული. არსებობს მზაობა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების“, – განაცხადა ლევან იზორიამ.