ლევან იზორია - გვაქვს საფუძველი, ვიმსჯელოთ ნატო-სთან ახალ დინამიკაზე და თანამშრომლობის გაფართოებაზე მთავარი სტრატეგიული მიზნის, წევრობის მისაღწევად [ვიდეო]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ლევან იზორიამ აღნიშნა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

„იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს ზოგადად დემოკრატიული განვითარების გზაზე და განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში ჩვენი შესაძლებლობების ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ჩვენ განვიხილეთ მომავალ წელს ნატო-საქართველოს სწავლებების ჩატარების საკითხი. ამ სწავლებაში ჩართული იქნება ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები. საუბარია სწავლებაში უკვე 28 ქვეყნის მონაწილეობაზე. ეს იქნება სამაგალითო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტში არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებული განხორციელება.

„ჩვენ ახლო მომავალში ამ პრაქტიკულ მექანიზმს და გათვალისწინებულ ინიციატივებს დავხურავთ. ეს გვაძლევს საფუძველს, ვიმსჯელოთ ახალ დინამიკაზე და თანამშრომლობის უფრო გაფართოებაზე მთავარი სტრატეგიული მიზნის განხორციელებისთვის, რასაც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება ჰქვია. არსებობს მაქსიმალური მხარდაჭერა და მზაობა ამ დინამიკის არამხოლოდ შენარჩუნების, არამედ გაზრდისთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს თავდაცვის მინისტრების დონეზე. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.