ლევან იზორია ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდა
ლევან იზორია ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. ლევან იზორია დღეს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიულერს შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელ პირებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ლევან იზორიას განცხადებით, ძირითადი აქცენტი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატო-ს მეტ ჩართულობაზე გაკეთდა.

„სწორედ ამას ემსახურებოდა გასულ კვირას იტალიაში, ნატო-ს სარდლობაში ჩემი ვიზიტი, სადაც შევიმუშავეთ კონკრეტული, პრაქტიკული გეგმები, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, თავდაცვის სფეროში განხორციელებული უპრეცედენტო რეფორმები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული სამაგალითო პროგრესი. ნატო-ს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ სხდომას დაესწრო, ორმხრივ ფორმატში კი, შეხვედრები გამართა ჰოლანდიის, რუმინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებთან.