ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა
ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ რეგიონული უსაფრთხოებისა და აშშ-საქართველოს თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, – განცხადება ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, დანა ვაითმა ლიდერების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პრესსპიკერის თქმით, პენტაგონში გამართული შეხვედრის ფარგლებში, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლევან იზორიას მიმდინარე თავდაცვის რეფორმებში საქართველოს ჩართულობის მუდმივი მზადყოფნისთვის და შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. ვაითის თქმით, ეს გულისხმობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიდგომას, რის ფარგლებშიც შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2 პროცენტი მიდის. ქართველმა მინისტრმა მადლობა მიიღო ავღანეთის მისიაში აშშ-ის გვერდით დგომისთვისაც.

როგორც დანა ვაითმა აღნიშნა, საქართველოს წარმომადგენლობითი მისია ყველაზე დიდია NATO-ს არაწევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ იბრძვიან.

პენტაგონის პრესსპიკერის განმარტებით, ლიდერებმა ასევე განიხილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებში აშშ-ის მხარდაჭერისა და მიმდინარე პარტნიორობის საკითხებიც.

დანა ვაითის განცხადებით, მეტისმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ მინისტრს შეერთებული შტატების ვალდებულება, გააგრძელოს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის, ყოველწლიური ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნები.