ლევან იზორია ახალ წელს სენაკში სამხედროებთან ერთად შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ახალი, 2018 წლის დადგომა სენაკში II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად აღნიშნა.

მინისტრთან ერთად, სამხედროებს ახალი წელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელებმა II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.

ახალი წლის შესახვედრად სენაკში იმყოფებოდა ავღანეთიდან ნოემბერში დაბრუნებული 23-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობაც. ქვედანაყოფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს, 23-ე ბატალიონის სახელით, საჩუქრად სამახსოვრო დაფები გადასცეს.

2018 წლის დადგომას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან და სამხედროებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალ თეიმურაზ ბოკუჩავას შვილი – ალექსი ბოკუჩავაც შეხვდა.

საახალწლო ღონისძიება ჯარისკაცების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით დასრულდა.